შესაძლებელია თუ არა, ლარი კიდევ უფრო გამყარდეს – ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას განმარტება

ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ლარს აქვს შესაძლებლობა, კიდევ გამყარდეს. ამის შესახებ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რესურსი იმისა, რომ ლარის კურსს არაფერი დაემუქროს და ახლო მომავალში არ გაუფასურდეს, არსებობს.

„ლარს აქვს შესაძლებლობა, კიდევ გამყარდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ ტურისტულად აქტიური სეზონი გველის და, ზოგადად, ეკონომიკა გამოცოცხლებისა და გამოჯანსაღების ეტაპზეა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ბევრი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია, ჩვენი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის, ლარის კურსზე მნიშვნელოვანი კორექტირება მოახდინოს. შესაბამისად, ძალიან რთულია, ასე წინმსწრებით, გადაწყვეტით ვთქვათ, ლარი კიდევ გამყარდება თუ ამ ნიშნულზე შენარჩუნდება. ლარს მცურავი კურსი აქვს. ის გარემო ფატორებიდან გამომდინარე მერყეობს. ამ შემთხვევაში ამ გარემო ფაქტორებს თუ ჩამოვთვლით, ეს შეიძლება, იყოს: ტურისტული ნაკადი, ინვესტიციები. საგარეო ვაჭრობა, რეგიონული სტაბილურობა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის თუ ეროვნული ვალუტების მდგომარეობა და ა.შ. ბევრი ფაქტორია და ასე გადაჭრით შეუძლებელია, თქვა, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება, შენარჩუნდება ან გაუფასურდება. მაგრამ, შეგვიძლი ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რესურსი იმის, რომ ლარს არაფერი დაემუქროს და ახლო მომავალში არ გაუფასურდეს, არსებობს. ლარს ყველანაირი ობიექტური მიზეზი და შესაძლებლობა გააჩნია, შენარჩუნდეს ამ ნიშნულზე. აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ქვეყნის შიგნით, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, პანდემიის მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ, მაგრამ თუ ყურადღებით არ ვიქნებით, შეიძლება, მეოთხე ტალღა შემოგვიბრუნდეს ისე, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენოს. ამან, რა თქმა უნდა, შეიძლება, ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს და შედეგად ლარზე ასახულ სხვადასხვა ნეგატიურ ეფექტს მივიღებთ. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ თუ პანდემიის თვალსაზრისით ან რეგიონულ კონტექსტში რაიმე რადიკალური ცვლილება არ მოხდება, მაშინ ლარს აქვს შესაძლებლობა, ცოტა კიდევ გამყარდეს ან პოზიციები თავის ნიშნულზე შეინარჩუნოს“, – განაცხადა ჭარაიამ.

მანვე ლარის გამყარების მიზეზი განმარტა.

„ახლა ლარის გამყარება, ძირითადად, პოზიტიური მოლოდინებითაა გამოწვეული, რაც წინსმწრებადაა ასახული ლარზე. ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ლარს კიდევ უფრო გაამყარებს. დღეს ვართ პოზიტიურ ტალღაზე, რომელიც იმედისმომცემია და საზოგადოებას, ბიზნესს პოზიტიურად განაწყობს“, – განაცხადა ჭარაიამ.

მისივე თქმით, თუ ქვეყნის ეკონომიკა და ლარი დასტაბილურებას შეძლებენ, მაშინ სამომხმარებლო ფასებიც დაიწევს.

„ჩვენ აქამდე გვქონდა ტრენდი, როდესაც ლარს სისტემატურად, მხოლოდ გაუფასურების მიმართულებით ჰქონდა მიდრეკილება. შესაბამისად, ვერცერთი ბიზნესმენი ვერ დაგეგმავს თავის სამუშაოებს ისე, რომ ლარის გაცვლითი კურსის ტრენდი და არსებული რეალობა არ გაითვალისწინოს. თუ ეროვნული ვალუტა სისტემატურად უფასურდებოდა, რა თქმა უნდა, ბიზნესმენები ამას ითვალისწინებდნენ და გარკვეულ პროდუქციას ზოგჯერ წინსმწრებადაც აძვირებდნენ. ახლა, როდესაც ლარმა გამყარება დაიწყო, მნიშვნელოვანია, ეს ნიშნული გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს. თუ ჩვენი ეკონომიკა და, შესაბამისად, ლარი დასტაბილურებას შეძლებენ, მაშინ ფასები აუცილებლად დაბლა დაიწევს, ოღონდ აქ ერთი ნიუანსია, თუ ამა თუ იმ პროდუქტზე ფასი მომწოდებლების მხრიდან არ გაიზრდება. თუ გლობალურადაც და ლოკალურადაც სტაბილურობა გვექნება, რისი წინაპირობაც არსებობს როგორც პანდემიის, ისე – ვაქცინაციის მაჩვენებლებიდან, ასევე, მსოფლიო ეკონომიკის გამოჯანსაღებიდან გამომდინარე, წესითა და რიგით, ლარის სტაბილურობა აუცილებალდ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საშუალო ფასები დაიწევს. შეიძლება, პირობითად, 1, 5, 10 ცალკეულ პროდუქტზე ფასები გაიზარდოს კიდეც, მაგრამ ჯამურად ფასები აუცილებლად დაბლა დაიწვეს, თუ ეს ნიშნული შენარჩუნდება. მათ შორის, ვგულისხმობ ნავთობპროდუქტებსაც, სურსათსაც, მედიკამენტებსაც“ – განმარტა ჭარაიამ.

ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარია, 1 ევროსი კი  – 3.7276 ლარი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები