“საარჩევნო პროცესი წყნარად მიმდინარეობდა, არჩევნები დემოკრატიული და თავისუფალი იყო”- ალი ბაბაევი
“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. როგორც ბაბაევმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა, არჩევნები დემოკრატიული და თავისუფალი იყო.
“მინდა, ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება მოგილოცოთ. 26 ოქტომბერს რეფერენდუმზე უმრავლესობამ ხმა მშვიდობას მისცა. ამით ვთქვით, რომ ომი, დაძაბულობა არ გვინდა. მილიონ 200 ათასამდე მოქალაქემ ერთხმად ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა. ე.წ. აგენტი ოპოზიცია ყოველთვის უკმაყოფილებას გამოხატავს, არეულობის ძალით, ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდა.
მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, მინდა, აღვნიშნო ის, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ვიყავი. ვიყავი ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა – მთიანეთის, ქართლის ზონაში, თბილისში. თითქმის ვერცერთ ადგილას ვერ ვნახე ძალადობის ნიშნები, ზედმეტი არეულობა. ხალხი არჩევნებზე დიდი ენთუზიაზმით მივიდა და ხმა მისცა იმას, ვისაც ეკუთვნოდა. რატომ ენდო ხალხი “ქართულ ოცნებას”? 12 წლის განმავლობაში მშვიდობა და სტაბილურობაა. თითქმის ყველა ქალაქში, რაიონში, სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. სოფლებში, სადაც სკოლები გაუბედურებული იყო, საბავშვო ბაღები არ იყო, ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი შენდება. ჯანდაცვის რეფორმა ძალიან წარმატებულად მუშაობს, ბევრ ავადმყოფს ჯანმრთელობა შეუნარჩუნდა. სპორტი და კულტურა განვითარდა იცით, სპორტი, ინფრასტრუქტურა 9 წლის განმავლობაში რა დღეში იყო. დღეს ყველა საერთაშორისო ასპარეზზე ჩემპიონები იმატებს. ეს სწორედ ამ ხელისუფლების მიდგომების შედეგია. ავიღოთ განათლება, ენერგეტიკა – ყოველდღე ახალი ინვესტიციები შემოდის. პრემიერ-მინისტრის წარდგენილ პროგრამაში ხედავთ, რომ ყოველწლიურად ბევრი ინვესტიცია შემოდის, ამით პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის სოციალური პირობები უმჯობესდება.
ასევე მინდა, არჩევნების ჩატარების პროცესზე ვისაუბრო. წყნარად მიმდინარეობდა, ხალხს არაფერს აძალებდნენ. ადრე, მოლას ავალდებულებდნენ ოჯახ-ოჯახ დაევლო და ყურანზე დაეფიცებინა, რომ ხმა 5 ნომრისთვის მიეცათ. დავით კირკიტაძეს უნდოდა, ერთ-ერთ უბანზე პროვოკაცია მოეწყო. ამას მიჩვეულები არიან. ყიზილაჯლოში 74-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის ” წარმომადგენელი მივიდა და ცრემლსადენი გაზი გაუშვა, არეულობა უნდოდა. უნდოდათ, მარნეული არეულობის ცენტრად გადაექციათ. სამწუხაროა, რაც მოხდა სადახლოში, ამას მეც ვგმობ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისკანდიროვმა, თავის პატარა ჯგუფთან ერთად ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა. ადგილზე საოლქომაც, ცესკომაც გადაწყვეტილება მიიღეს, უბანი დაეხურათ. მის მიმართ კი საქმეა აღძრული.
ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი იყო. მით უმეტეს, საქართველოში პირველად ელექტრონული არჩევნები იყო, ამაზეც რაღაც სისულელეები გამოიგონეს. ამდენი ხმა რომ აიღეს
და პარლამენტში მოხვდნენ, უნდა უხაროდეთ. დარღვევები, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. უსამართლო განცხადებები იყო საარჩევნო კომისიის მიმართ, რომ ხარვეზები იყო. პრეზიდენტს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ ” აირჩია, ოპოზიცია მის მიმართ რა სიტყვებს იყენებდა, თავმოყვარეობა საერთოდ არ აქვს. თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, ცალკე, ნეიტრალურად დადგებოდა. გვარამიას, მელიას, “ნაციონალების” გვერდით არ დადგებოდა. პრეზიდენტს პროკურატურაში იბარებენ და ის მისვლაზე უარს ამბობს. თუ პროკურატურაში არ წახვალ, მაშინ ის სიტყვები რატომ თქვი? იმაზე პასუხი ხომ უნდა აგო?
ასევე მინდა, მივმართო პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს – დროა, სააკაშვილი საკანში გადაიყვანოთ.”- განაცხადა ბაბაევმა.