მამუკა მდინარაძე: ბრძოლით მივიღებთ ყველა იმ საეტაპო გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდის
“დაგვიანებით, სამართალი ჩვენთანაც მოვიდა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასე ბრძოლით და არა ცალ ფეხზე დგომით მივიღებთ ჩვენ ყველა იმ საეტაპო გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდის”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ წარმოუდგენია ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, ევროკავშირის კრიტიკული განცხადებების ფონზე.
მდინარაძის თქმით, ქვეყანამ სტატუსი დიდი ბრძოლის შედეგად მიიღო.
„ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვაგრძელებთ სვლას წინ ევროპისკენ. ზუსტად ისე, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი და ვასრულებთ. ზუსტად ისე, როგორც მივიღეთ ჯერ ლიბერალიზაცია და შემდეგ კანდიდატი სტატუსი. ეს სტატუსი მივიღეთ დიდი ბრძოლით. მაშინაც ამას გვეუბნებოდნენ, მაშინაც ანტიქართული, დამაზიანებელი განცხადებების კასკადი გვქონდა 1 წლის განმავლობაში და დაგვიანებით, სამართალი ჩვენთანაც მოვიდა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასე ბრძოლით და არა ცალ ფეხზე დგომით მივიღებთ ჩვენ ყველა იმ საეტაპო გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდის“, – განაცხადა მდინარაძემ.