აფრიკა, სადაც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 20%-ით არის გაზრდილი, მესამე ტალღის ზღვარზეა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა აფრიკაში, მატშიდიზო მოეტმა განაცხადა.
”მესამე ტალღის საფრთხე რეალური და მზარდია. პრიორიტეტი არის დაავადების რისკის ქვეშ მყოფი აფრიკელების ვაქცინაციის დაჩქარება”, – თქვა მან.
მოეტიმ აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება აფრიკის 14 ქვეყანაში. ამავდროულად, რვა მათგანში არის შემთხვევათა სწრაფი ზრდა – 30% -მდე.
მათ შორისაა სამხრეთ აფრიკა, უგანდა, ანგოლა, ნამიბია.
ინფიცირების ზრდა დაემთხვა აფრიკის ქვეყნებში ვაქცინების მიწოდების შემცირებას. ამავე დროს, კონტინენტის ქვეყნების უმეტესობამ COVID-19 ვაქცინის მარაგების 2/3 უკვე გამოიყენა”, – თქვა ექსპერტმა.
ჯანმო-ს მონაცემით, აფრიკის ქვეყნებმა ვაქცინის 48,6 მილიონი დოზა მიიღეს, მათგან 31,4 მილიონი გამოყენებულია.
მოეტის თქმით, აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსისგან მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია აცრილი მაშინ, როდესაც დანარჩენ მსოფლიოში – 24%.
აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის სულ 4 843 159 შემთხვევაა დარეგისტრირებული, ვირუსს 130 635 ადამიანი ემსხვერპლა.