ფედერაციის საბჭომ “ღია ცის” შეთანხმების დენონსირებას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერალური კრების ზედა პალატამ – ფედერაციის საბჭომ “ღია ცის” შეთანხმების დენონსირებას დაუჭირა მხარი.

ამიერიდან, კანონს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, შემდეგ საგარეო უწყება შეტყობინების ნოტას შეთანხმების დეპოზიტარებს – უნგრეთსა და კანადას გაუგზავნის. თუმცა, რუსეთის შეთანხმებიდან მთლიანად გასული 6 თვის შემდეგ, დეკემბერში ჩაითვლება. ამის შემდეგ შეთანხმების მონაწილე იქნებიან მხოლოდ ვაშინგტონის მოკავშირეები – ნატო-ს ქვეყნები.

აშშ-მა “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა 2020 წლის მაისში დაიწყო, რომელიც 22 ნოემბერს დასრულდა.

2021 წლის 15 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეთანხმებიდან გასვლის შიდა პროცედურებს იწყებენ.

11 მაისს კი რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ კრებას დოკუმენტის დენონსირების კანონპროექტი წარუდგინა. 17 მაისს ფედერალური კრების ქვედა პალატამ – სახელმწიფო დუმამ შეთანხმების დენონსირების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, თუმცა, 18 მაისს ზედა პალატამ – ფედერაციის საბჭომ შეთანხმებიდან გასვლის განხილვა გადადო.

როგორც რუსულ მედიას წყარომ განუცხადა, განხილვა 2 ივნისზე ადრე არ მოხდებოდა. აღნიშნული აიხსნებოდა იმით, რომ ვაშინგტონს შეთანხმებაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევდნენ.

დღეს კი უკვე ცნობილია, რომ ფედერაციის საბჭო დენონსირების საკითხს ორშაბათს განიხილავს.

“ღია ცის” შეთანხმებას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთო-ს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება. 2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.

შეთანხმების ფარგლებში, ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ, წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.

აშშ-ის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, მიზეზად სახელდება ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვა. გარდა ამისა, საუბარია მოსკოვის მიერ კალინინგრადთან, პოლონეთთან, ლიეტუვასთან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები