ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზა დაათვალიერა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ახლად შექმნილ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მესამე დონის ლაბორატორიაშიც იმყოფებოდა, რომელიც მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების გამოვლენის, ასევე მწერების ბუნებრივი მტრების გამრავლების მიმართულებით იმუშავებს.
ლაბორატორიაში განხორციელდება აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა და ბიოლოგიური აგენტების ძიება. ფერმერებს საშუალება ექნებათ, ადგილზე მიიღონ ინფორმაცია მცენარეთა მავნებელ-დაავადებების და მათთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.
ანასეულის ბაზაზე განთავსებულია ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკის ცენტრი, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სათბურები და ორანჟერეები, სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოცდა, სამეურნეო მაჩვენებლების საბოლოო შეფასება და კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა-გავრცელება.
ბაზაზე უკვე გამოყვანილია და ფერმერებს ახალი პლანტაციების გასაშენებლად გადაეცემათ ჩაის ახალი, სელექციური ჯიშის „კოლხიდა” 15 000-მდე მაღალი კატეგორიის ნერგი.