აშშ პალესტინელებისთვის იერუსალიმში საკონსულოს ისევ გახსნის

შეერთებული შტატები იერუსალიმში საკონსულოს ისევ გახსნის, რომელიც პასუხისმგებელია შეერთებულ შტატებსა და პალესტინას შორის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რამალაში პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრაზე განაცხადა.

“გავაგრძელებთ ცალმხრივი პრაქტიკის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ გამოსვლას, რომელიც ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობას იწვევს”, – თქვა დიპლომატმა.

პალესტინის ლიდერთან მოლაპარაკებების შემდეგ, ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღაზას სექტორს გადაუდებელ ფინანსურ დახმარებას გაუწევს 5,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. კიდევ 32 მილიონი დოლარი გამოიყოფა ანკლავში მოქმედ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს.

როგორც ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ საკონსულოს გახსნაზე საუბრისას თქვა,  ეს ნაბიჯი მიმართულია პალესტინასთან ურთიერთობის გაუმჯობისკენ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ ჰქონდა პალესტინის ლიდერებსა და სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობის მეთოდი.

ფსაკის თქმით, ჯო ბაიდენი უარს ამბობს ამ კურსზე, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ატარებდა.

იერუსალიმში აშშ-ის გენერალური საკონსულო ისტორიულად დამოუკიდებელ დიპლომატიურ მისიას წარმოადგენდა, რომელიც არსებითად ასრულებდა პალესტინაში აშშ-ის საელჩოს როლს. იერუსალიმში გენერალური კონსული უშუალოდ იყო ანგარიშვალდებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატთან.

თუმცა, 2019 წლის 4 მარტს შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა იერუსალიმის გენერალური საკონსულო ისრაელში არსებულ საელჩოსთან და შექმნა “ერთიანი დიპლომატიური მისია”.

იერუსალიმის სტატუსი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ისრაელებმა დაიპყრეს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი 1967 წლის ომის დროს. ისინი ამტკიცებენ, რომ იერუსალიმი ისრაელის “ერთიანი და განუყოფელი” დედაქალაქია. პალესტინელებს სურთ, ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი გახადონ თავიანთი სახელმწიფოს დედაქალაქი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები