“არსებობს საფრთხე, რომ ვარლამ გოლეთიანის განცხადება პროტესტანტების მხრიდან სხვანაირად იყოს გამოყენებული”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.
მისი თქმით, პროტესტი ქალაქის პარალიზებასა და დესტრუქციას არ უნდა გულისხმობდეს.
„ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და პროტესტის გამოხატვა თავისუფალია კანონის ფარგლებში, თუმცა, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, რომელსაც ყველა მოქალაქე აღნიშნავს. არსებობს საფრთხე, რომ ვარლამ გოლეთიანის განცხადება პროტესტანტების მხრიდან სხვანაირად იყოს გამოყენებული. ეს უკანონობას, ქალაქის პარალიზებასა და დესტრუქციას არ უნდა გულისხმობდეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
„ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.