გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მადრიდში გამართულ პრეზენტაციაში „საქართველო – ღვინის აკვანი“ მონაწილეობა ქართული დელეგაციის წევრებმა მიიღეს.
მათივე ცნობით, პრეზენტაცია ევროპის პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში, მადრიდის IE უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ქართული ღვინის ისტორიაზე ისაუბრეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება ქართული ღვინის ისტორიით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ბიზნესსკოლის დაინტერესების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდის და მის შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში.
„მისასალმებელია, რომ მადრიდის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ბიზნესსკოლა, სადაც ქართველებიც სწავლობენ, დაინტერესდა ქართული ღვინის წარმატების ისტორიით და შექმნა case study ქართულ ღვინოზე. ეს ფაქტი ხელს შეგვიწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციაში, ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში, რამდენადაც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ ბიზნესით დაინტერესებული სტუდენტები მთელი მსოფლიოდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ისაუბრა იმ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ, რომლის გადადგმა ღვინის ინდუსტრიაში უახლოეს მომავალში იგეგმება. მისი განმარტებით, გარდა იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ღვინის წარმოების განსაკუთრებული მეთოდები გააჩნია, საჭიროა მეტი კომერციალიზაცია და, გრძელვადიან გეგმაში, აქცენტი სწორედ ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზე გაკეთდება.
ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ტურიზმის გამოფენის შესახებაც ისაუბრა, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. მინისტრმა ტურიზმის ინდუსტრიაში გამოკვეთილ ახალ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოსთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტურისტული ნაკადები მთელს მსოფლიოში და დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ტურისტული ინდუსტრია. თუმცა, უკვე გაზრდილია აქტივობა და მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას. ახალი ტენდენციები, რომლებიც თვალსაჩინოა, არის მეტი ინტერესი ეკოტურიზმის, აგრო და ღვინის ტურიზმის მიმართულებებით, რაშიც საქართველოს განსაკუთრებული უპირატესობები გააჩნია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პრეზენტაციას „საქართველო – ღვინის აკვანი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ.