ენერგეტიკის რეფორმა გააადვილებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას, როცა გაჩნდება კონკურენცია, საბოლოოდ, ამან ფასებიც უნდა შეამციროს, – ამის შესახებ ორგანიზაციის – „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, მურმან მარგველაშვილმა ენერგეტიკის რეფორმის შეფასებისას ,,კვირას” განუცხადა.
მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟაც და ენერგეტიკის რეფორმაც პროცესია, რომელსაც დაკვირვება და სიფრთხილით მოქმედება სჭირდება.
,,მეშინოდა, რომ შეიძლება აჩქარებულად მიდიან, თუ სიფრთხილით წავლენ, კარგი იქნება, სხვა ქვენყნებში წლები მუშაბოენ სატესტო რეჟიმში შეცდომის გამოსარიცხად. იმისთვის, რომ საფრთხეები იქნას აცილებული დალაგებულად, აუჩქარებლად უნდა იყოს გათვლილი, შეფასებული და დატესტილი. ენერგეტიკული ბირჟა უმნიშვნელოვანესი სისტემაა, პროცესია, რომლის დროსაც ხდება ბაზრის მოთამაშეების გახსნა, მყიდველების რაოდენობა იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, კარგია ქვეყნისთვის.
თვითონ ენერგეტიკის რეფორმას რაც შეეხება, ეს არის ტექნოლოგიურად უფრო მაღალ დონეზე აყვანილი ელექტროენერგიით ვაჭრობა, ეს გააჩენს საშუალებას უფრო დაფასდეს ჰიდროელექტროსადგურები, საშუალებას გააჩენს, განახლებადი ენერგიის წყაროების ჩართვა გახდეს ოპტიმალური, შესაძლებელი გახდება საბალანსო ბაზრის გაჩენა, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს. ენერგეტიკის რეფორმა გააადვილებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას, მაგალითად, თურქეთთან. საბოლოოდ, ამან ფასებიც უნდა შეამციროს, როცა გაჩნდება კონკურენცია, შემდეგ კი მოხდება მინიმიზება, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე და ყველაფრის საათების სიზუსტით გათვლა. ამ პროცესს აჩქარება არ უხდება, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს რისკები და შეცდომები, ყველაფერი უნდა იყოს აუჩქარებლად და დაკვირვებით გაკეთებული,”- განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება ენერგეტიკული სექტორის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ამოცანაა ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე.