ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს,- ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა.
„ჩვენი სანქციები შედეგს იძლევა. რუსეთის მშპ, პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს 4.3%-დან 2025 წელს 0.9%-მდე შენელდება. ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა“, – აღნიშნა მან.
ამასთან, ლაიენის განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მთავარი ელემენტი რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა იქნება.
“რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 3 წელი და 7 თვე გავიდა. უკრაინა აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას ბრძოლის ველზე და წელს, პრაქტიკულად, არცერთი ტერიტორია არ დათმო. ბოლო 1000 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის მხოლოდ 1% დაიპყრო. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ იმ მომენტში ვართ, როდესაც ჩვენი მხრიდან გადამწყვეტმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ უკვე გადავდგით უპრეცედენტო ნაბიჯები”,- ნათქვამია ლაიენის განცხადებაში.