ირაკლი ლაზარაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ და „მერიის ახალგაზრდული საბჭოს“ წევრებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყურადღება დაეთმო 2025 წლის საბიუჯეტო პარამეტრებსა და ბიუჯეტის ზრდის ტენდენციებს.
“განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის, საბავშვო ბაღების მშენებლობის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და გამწვანების საკითხები. საუბარი შეეხო სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს. მუნიციპალიტეტის მერმა ასევე შეაჯამა მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ორგანიზებული კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
„მერიის ახალგაზრდული საბჭოს“ წევრებმა დეტალურად ისაუბრეს იმ პროგრამებზე, რომლებიც მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის ხორციელდება. აღინიშნა, რომ ახალგაზრდული საბჭო აქტიურად არის ჩართული მერიის კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიის სამსახურების და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.