ხელოვანების ოჯახაში დაიბადა. მამა ცნობილი მხატვარი და კარიკატურისტი, ბაბუა კი ფერმწერი იყო. დედა – მუსიკოსი. ბავშვობიდან უყვარდა ხატვაც და სცენაზე დგომაც. შემდეგ დაამთავრა თაბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობს ფერწერაში.
ამბობს, რომ სიამოვნებს არქიტექტურული ნახატების შექმნა აკვარელში. ასევე ფიგურატიული კომპოზიციები.
ახლახან ერთობლივი გამოფენა ჰქონდა, მამის შემოქმედების გვერდით საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა. „მამის გარდაცვალების შემდეგ ეს მეოთხე ექსპოზიციაა. ყოველთვის, როცა ღონისძიება მიმდინარეობს მის გარეშე, ძალიან ვღელავ. მსურს ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას მოეწონებოდა“. – მხატვარ ნატალია კუციას პერსონა.
– მხატვრისა და კარიკატურისტის ოჯახში დაიბადეთ. ბაბუა – ალექსანდრე კუციაც ფერმწერი იყო. საინტერესო ბავშვობიდან?
– დავიბადე ხელოვანების ოჯახში. სამწუხაროდ, ბაბუა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, ვერ მოხდა ჩვენი პირისპირ შეხვედრა, რაც ძალიან სამწუხაროა. მისი ნამუშევრები ბევრს ამბობენ მასზე. ხოლო მამა… ყოველი მასთან გატარებული დღე უზომოდ საინტერესო იყო. მამა ძალიან ბევრს მუშაობდა, ხატავდა, ხშირად ჰქონდა კონცერტები, გადაღებები, ინტერვიუები. ამ ყველაფერში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნო და მრავლის მომცემი იყო. ხშირად, როდესაც ძალიან ბევრი კარიკატურა იყო მელნით დასამუშავებელი, მამა გადმომაწოდებდა დასასრულებლად, ამ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ თავის ნამუშევარს მე მანდობდა.
დედა მუსიკოსია, მშობლებმა ერთმანეთი მუსიკის მეშვეობით გაიცნეს, ეს მოხდა ანსამბლ „დიელოში”, ჩემი დაც დიზაინერულ ნამუშევრებს ხატავს. ასე რომ, ჩვენ ოჯახში ხელოვნება მუდმივად იმყოფება როგორც სრულუფლებიანი წევრი.

– ფერწერაში განაგრძობთ მოღვაწეობას. რატომ არ გაჰყევით მამის გზას?
– არის ხოლმე კარიკატურული პროექტები, რომლებშიც სიხარულით ვმონაწილეობ. იუმორიც გენეტიკურად გადმოვიდა, თითქოს ყველაფერია იმისთვის, რომ კარიკატურისტი ვიყო. იმედი მაქვს, ოდესმე უფრო გაბედულად დავკავდები. მომწონს საპროტესტო ნამუშევრების შექმნა სხვადასხვა კონკურსისთვის. ჩემი გზა და შემოქმედებითი ხაზი ფერწერაში ვიპოვე და მას მივყვები მთელი გულითა და სულით.
– პირველი ნახატები…
– პირველი ნახატები, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, ასე რომ, ვამბობ ხოლმე, რომ უხსოვარი დროიდან ვხატავ. მგონი, ლაპარაკზე ადრე ხატვა დავიწყე. მამამ და დედამ მალევე შენიშნეს მონაცემები და ყველაფერი გააკეთეს ჩემი შესაძლებლობების გასავითარებლად. ბავშვობა ძალიან დატვირთული მქონდა როგორც ხატვით, ისე სცენაზე დგომით. – რა იყო დასამახსოვრებელი სტუდენტობიდან?
– სტუდენტობა, მართლაც, დაუვიწყარი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. აკადემია დღემდე ძალიან მიყვარს. გამიმართლა, რომ შემხვდნენ არაჩვეულებრივი ლექტორები და ჯგუფელები. მანამდე მეტად გრაფიკული ნამუშევრები მქონდა, აკადემიაში მოხდა ჩემი და ზეთის საღებავების პირველად შეხება და „გაფერწერება“. ასევე ცოცხალი ნატურების, კონსტრუქციის სწავლა ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მიყვარდა იქაური ბიბლიოთეკაც.
– ქალებზე ძალადობას გამოფენა მიუძღვენით…
– სამწუხაროდ, ფემიციდი ისევ და ისევ რჩება დიდ პრობლემად. მე, როგორც მხატვარი, ჩემებურად ვაპროტესტებ და ვცდილობ ადამიანები დავაფიქრო. ამ გამოფენას ერქვა „ქალური საწყისი”, კომპოზიციები იყო ზეთის საღებავებით შესრულებული, ძალიან ლამაზი ქალები, უმეტესობა ზურგით, რაც ნიშნავდა წყენას, ტკივილს ყოფნას ამ ყველაფრის მიმართ. გამოფენის თარიღიც დაემთხვა ქალთა მიმართ ძალადობის დღეს, 25 ნოემბერს. მე არ ვაპირებ ამ თემაზე გაჩერებას და ვეცდები, ჩემი ნახატებით გამოვხატო სათქმელი, პროტესტი.

– კიდევ რომელი წამყვანი თემებია თქვენს შემოქმედებაში?
– მე ზოგადად მსიამოვნებს არქიტექტურული ნახატების შექმნა, თანაც აკვარელში. ასევე ფიგურატიული კომპოზიციები. საინტერესო ის არის, ჩემი დამოკიდებულება როგორია ამ ორის მიმართ. მე სახლს, მაგალითად, ისე ვხატავ, როგორც ადამიანის პორტრეტს, ვცდილობ, მისი ხასიათი ვაჩვენო, გამომეტყველება, ისტორია. ადამიანის სხეულს კი ისე ვაგებ და ვაშენებ, როგორც შენობა- ნაგებობას – თავის სიმძიმის ცენტრით, წონასწორობით. ვგიჟდები ხელების და ტერფების კონსტრუქციაზე, ეს ძალიან ელეგანტური არქიტექტურაა. ნახატებშიც შეიძლება ხშირად სახე არ გამოვაჩინო და მხოლოდ ხელების მეშვეობით გადმოვცე სათქმელი, დრამა, ისტორია. ხელები იმდენ რამეს გადმოსცემენ, იდეალურია და საკმარისი.
– შთაგონება ხატვისას?
– შთაგონება არის ყველგან, მაგრამ მე მუსიკა მეხმარება ძალიან, კარგი მუსიკის მოსმენით თითქოს ვივსები და „ვიტენები“. ასევე შთამაგონებელია მხატვრული ლიტერატურა თავისთავად, ადამიანებთან საუბარი, ერთი დიალოგიც კი შეიძლება იქცეს ნახატის ინსპირაციად.

– ახლახან ერთობლივი გამოფენა გაიმართა – „ვახტანგ და ნატალია კუციების პერსონალური გამოფენა“. როგორი იყო თქვენი განცდა?
– მამის გარდაცვალების შემდეგ ეს მეოთხე ექსპოზიციაა. ყოველთვის, როცა ღონისძიება მიმდინარეობს მის გარეშე, ძალიან ვღელავ. მსურს ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას მოეწონებოდა. ჩემთვის პირადად ძალიან მტკივნეულია მისი არყოფნა. მაგრამ ნახატები იმდენად ცოცხალია, იმდენად პოზიტიური და აქტუალური, დანაშაული იქნებოდა მათი შენახვა ისე, რომ საზოგადოებამ არ ნახოს.
– ერთი ნახატის ისტორია…

– ზოგადად ყველა ნახატთან ბუნებრივია ემოციური კავშირი მაქვს და ისტორია. ამჟამად ერთ-ერთ უახლეს ნახატზე მოგახსენებთ, რომელსაც „იერარქია“ ჰქვია. ეს სადარბაზო სოლოლაკში მდებარეობს. ძალიან ავარიულ მდგომარეობაშია. იერარქია იმიტომ დავარქვი, რომ საფეხურებია, კიბეები დაბლა ძალიან დიდია, მასიური, ზემოთ თანდათან ვიწროვდება, მცირდება და ბოლოს, თევზის გამოსახულებაა, რომელიც ქრისტიანობის სიმბოლოა. ხოლო ზემოთ შუქი და ნათელი. ეს ნახატი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია ბოლო ნამუშევრებიდან თავისი იდუმალებით.
– ხატვა არის….
– ხატვა არის ჩემთვის – სიყვარული. აი მართლა, როგორიც არის შეყვარებული ადამიანი – გაჟღენთილი, გაჯერებული ამ გრძნობით. ძილშიც კი მოსვენება რომ არ არის, ზუსტად სიყვარულივით მტკივნეულიცაა, მომთხოვნიც, თან უნდა უერთგულო, მასზე იზრუნო.
– პერსონალური გამოფენები…
– პერსონალური გამოფენები ჩემთვის არის ეტაპის დასასრული, დასკვნითი ღონისძიება. ახალი ეტაპისთვის მზადება. ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, პირისპირ ნახოს ნამუშევრები.
ჩემთვის ახლანდელი გამოფენა გამორჩეულია, ჩემმა მეგობარმა ლუკა კიკნაძემ და მამამისმა შემომთავაზეს და დამითმეს საკუთარი სივრცე გამოფენისთვის. მეც სიხარულით დავთანხმდი. კუციებს კიკნაძეებმა გვიმასპინძლეს და ეს გამოფენა სწორედ ამით არის განსაკუთრებული – „მამები და შვილები“ ორი სხვადასხვა თაობა და ერთიანობა.
– ოჯახისა და ხატვის შეთავსება ალბათ იოლი არ არის?
– ოჯახი და კარიერა იოლი ნამდვილად არ არის, თუმცა ჩემების ხელის შეწყობა რომ არა, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. ასე რომ არ იყოს, ვაიძულებდი (ხუმრობით). ხატვა სწორედ ჩვენთვის შემოსავლის წყაროა და გაჩერება არ შეიძლება. ბავშვებიც თავისთავად არ ეგოისტობენ, მიეჩვივნენ, რომ დედა მუშაობს. ძალიან უხარიათ გამოფენები და პრეზენტაციები, ჩემი ნახატების პირველი დამთვალიერებლები სწორედ ისინი არიან.– ჰობი…
– ვისურვებდი მეტ მოგზაურობას, ეს მხატვრობაშიც დიდ შთაგონებას მომცემდა. ძალიან მიყვარს მხატვრული ლიტერატურა, ჩემი წიგნები. მიხარია, რომ მაქვს დიდი ბიბლიოთეკა და თავს ძალიან მდიდრად ვგრძნობ. წიგნებიც ხომ თავისთავად მოგზაურობაა, ვინაიდან ხანმოკლეა სიცოცხლე, წიგნი იძლევა ფუფუნებას, რომ ყოველდღე ახალ-ახალი თავგადასავლები გვქონდეს ქვეყნებში, ეპოქებში.
– სამომავლო გეგმები…
– გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ, იქნება მეტი პრეზენტაციები, პროექტები – როგორც ჩემი, ასევე მამასი. იქნება ბევრი გამოფენა, რადგან ორივეს ნამუშევრები საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს.
ამ ინტერვიუს საშუალებით კი მინდა მკითხველს ვთხოვო, თუ სადმე სახლში მოეძევებათ ვახტანგ კუციას კარიკატურა, იქნებ შეძლონ, ფოტო გადაუღონ და გამომიგზავნონ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი საქმე.



თამარ შაიშმელაშვილი