გიორგი კახიანი – ოპოზიციაზე: სრული ქაოსია, 4 პარტიაა და ერთ საკითხზე ორ მათგანსაც კი არ აქვს საერთო პოზიცია
“სრული ქაოსია, 4 პარტიაა და ერთ საკითხზე ორ მათგანსაც კი არ აქვს საერთო პოზიცია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, “ეს რადიკალური ჯგუფი იმართება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ”.
“ეს რადიკალური ჯგუფი წახალისდება ისეთი განცხადებებით, როგორიც ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა და ა.შ. ყველაფერი ეს საერთო სურათის შემადგენელი ნაწილია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აბსოლუტურად უსუსური მცდელობებია. თავად რადიკალების 4 პარტიაშიც რა მდგომარეობაა, მარტივად რომ შევხედოთ და მარტივი ანალიზი გავაკეთოთ. 4 რადიკალური ჯგუფია, რეალურად ერთი ჯგუფია, მაგრამ ფორმალურად 4 პარტიაა, ორი მათგანი არჩევნებში მონაწილეობს, ორი უარს ამბობს. ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, მათშიც კი არ არის საერთო პოზიცია. ერთი ამბობს, რომ ოთხში 8 საათზე ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა დავამხოთ, მეორე ამბობს, რომ ასეთი მოლოდინების შექმნა არასწორია. იმ ორშიც კი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ერთი ამბობს, რომ დილით არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და საღამოს აქციებზე დავდგებიო. მეორე, გახარიას პარტია ამ პოზიციასაც არ იზიარებს. ანუ, სრული ქაოსია. 4 პარტიაა და ერთ საკითხზე ორ მათგანსაც კი არ აქვს საერთო პოზიცია“, – აღნიშნა კახიანმა.