ბლინკენი: აშშ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, კულისებში აქტიურ მუშაობას აწარმოებს.

ამის შესახებ დიპლომატმა კოპენჰაგენში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კუფუდთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“აშშ ისევ არის შეშფოთებული ძალადობის ესკალაციით. ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის, ბავშვები. ჩვენ ასევე ვღელავთ იმის გამო, რომ საფრთხის წინაშე ჟურნალისტები და ჯანდაცვის მუშაკები აღმოჩნდნენ. პალესტინელებსა და ისრაელელებს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში მოსახლეობას, აქვთ უფლება, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში. და ეს არ არის ისრაელელების ან პალესტინელების პრივილეგია, ეს ეხება ადამიანის უფლებებს, ამიტომ, ძალადობა უნდა შეწყდეს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კულისებში, რომ ეს კონფლიქტი მოვაგვაროთ”, – თქვა მან.

მისი თქმით, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. “მოვუწოდებთ “ჰამასსა” და ღაზას სექტორის სხვა ჯგუფებს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ სარაკეტო შეტევები. მე ვფიქრობ, რომ ისრაელს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, დამატებითი ტვირთი ეკისრება – თავიდან ავიცილოთ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც შეამცირებს სამომავლო მშვიდობის დამყარების შანსებს. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით – ბავშვების დაცვა და პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს”, – დასძინა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები