ბერლინში პალესტინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა – დაკავებულია 59 პირი, 93 პოლიციელი დაშავდა
ბერლინში უქმეებზე პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა, მათი ნაწილი კი ძალოვანებთან შეტაკებითა და დაკავებებით დასრულდა.
DPA პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 15 მაისს ბერლინის რაიონ ნოიკელნში გამართულ აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, პოლიციელებზე თავდასხმისთვის, ასევე, დაკავებულთა გათავისუფლების მცდელობისთვის 59 ადამიანი დააკავეს.
ბრალდება კიდევ 150 პირს აქვს წაყენებული.
ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ ჩატარებული ოთხი საპროტესტო აქციის დროს წესრიგს უსაფრთხოების 900-მდე თანამშრომელი იცავდა. პოლიციის მონაცემით, ორი დღის განმავლობაში დაშავდა 93 სამართალდამცავი.
ერთ-ერთ აქციაზე ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მიტინგი დაშალა, რადგან ადგილი ჰქონდა კორონავირუსის წესების დარღვევას. დემონსტრანტებმა უარი თქვეს დაშლაზე და პოლიციას ქვები, ბოთლები და შაშხანები დაუშინეს, საპასუხოდ, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი.
ქალაქ დუისბურგში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია, რომელშიც ასობით მონაწილე იყო, დაშალეს კორონავირუსული ზომების დარღვევისთვის.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ქალაქის მთავარ სადგურზე დაგეგმილ ღონისძიებაზე 700-მდე ადამიანი მივიდა და გამომდინარე იქედან, რომ აქციის ორგანიზატორები საჭირო დისტანციის დაცვის უზრუნველყოფას ვერ ახერხებდნენ, პოლიციამ ვადაზე ადრე დაასრულა აქცია.
16 მაისს ბერლინში, ასევე აქციის ფარგლებში, პალესტინის მხარდაჭერის ნიშნად, ქუჩებში 400- მა მანქანამ ჩაიარა. პოლიციაში აღნიშნეს, რომ დემონსტრაციამ მშვიდობიანად ჩაიარა.