ისრაელმა “ჰამასის” ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა – განადგურებულია 35 სამხედრო ობიექტი და გვირაბის 15 კილომეტრი

ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზას სექტორის ჩრდილოეთით “ჰამასის” 35 სამხედრო ობიექტი და გვირაბის 15-კილომეტრიანი მონაკვეთი გაანადგურა.

ინფორმაციას არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ოპერაციაში 54 გამანადგურებელი მონაწილეობდა.

”ეს დარტყმა არის მასშტაბური ოპერაციის ნაწილი ღაზას სექტორში მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე, სამხედროებმა განაცხადეს, რომ მოიერიშე თვითმფრინავებმა და დრონებმა რაკეტები დაუშინეს “ჰამასის” მაღალი რანგის მეთაურების ცხრა სახლს.

ამის შემდეგ, ღაზას სექტორიდან სარაკეტო იერიშები განახლდა. ჭურვები გაშვებულია ბერ-შებასა და აშკელონზე.

ასევე, ისრაელის თავდაცვის არმიაში აცხადებენ, რომ გამთენიისას სარაკეტო იერიში იქნა მიტანილი დასახლებულ პუნქტებზე: ნევიტოტსა და ქერემ- შალომზე, რომლებიც ღაზას მოსაზღვრედ მდებარეობენ.

“ჰამასმა” 10 მაისიდან ისრაელის მიმართულებით სულ 3100 რაკეტა გაუშვა, მათგან 450 მათივე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ებრაულმა “რკინის გუმბათმა” კი 1210 ჭურვის მოგერიება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები