პატიმრის თვითმკვლელობის გამო, ციხის თანამშრომელს ბრალი წარედგინა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფომაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ივნისიდან 24-საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის 12 ივლისს, აღნიშნული პატიმარი იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის. „პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით, №8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარ მორიგე ინსპექტორს ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებული ბრალდებულისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა.

მიუხედავად ამ ვალდებულებისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარმა ინსპექტორმა, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში სუიციდი განახორციელა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 12 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვანი შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, კერძოდ: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გამოიკითხა 70-ზე მეტი პირი, ჩატარდა – სამედიცინო, ხელწერის, საბუთების ტექნიკური, ტრასოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები.

2021 წლის 11 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით – სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. აღნიშნული ბრალდება პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარ ინსპექტორს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა წარუდგინა“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები