გიორგი ცუცქირიძე: ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება
ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აქციებში უკვე ღიად ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიები და დღევანდელ შეხვედრას ცაგერსა და ამბროლაურში “ლელო”-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აორგანიზებს.
“გავიდა დრო, გადაიარა „ქართული მიწის დაცვით“ შეფუთულმა გულზე მჯიღის ცემის პერიოდმა და ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება. ჰოდა, რაც ყველაზე საინტერესოა ამ პოლიტიკური აქციების პროცესში უკვე ღიად ჩაერთო პოლიტიკური პარტიები. მაგალითად, იცით ვინ აორგანიზებს დღევანდელ აქციას ცაგერსა და ამბროლაურში? ლელოს ადგილობრივი – ცაგერის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგიტა ახვლედიანი, ასევე ლენტეხის ორგანიზაციის წარმომადგენლები – გამზა და რაჯი ლიპარტელიანები.
მოვუწოდებ მედიას, სასწრაფოდ დაინტერესდნენ ამ ადამიანების ჩართულობით და აჩვენონ საზოგადოებას, რომ სწორედ ისინი აორგანიზებენ აქციას და პარტიული აქტივი მიყავთ შეკრებაზე”, – წერს გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.