ანდრის დომბროვსკისი – „კომუნიკაციების კომისიის მარეგულირებელი სისტემა შესაბამისობაშია ევროკავშირის სისტემასთან”

„საქართველოს მარეგულირებელი სისტემა შესაბამისობაშია ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან და პრაქტიკასთან. საქართველო ჩვენთვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების მაგალითია, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა და ძალიან მაღალი ხარისხის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია კონსტიტუციით, სადაც გარანტირებულია გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება”, – ასეთი შეფასება კომუნიკაციების კომისიასთან დაკავშირებით EU4Digital პროგრამის ტელეკომის წესების მიმართულების ლიდერმა, ანდრის დომბროვსკისმა გააკეთა.

აღნიშნული შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) დამოუკიდებელი მარეგულირებლებისა და ფართოზოლოვანი მომსახურების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაკეთდა. მაღალი დონის სამუშაო შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიც არის – დამოუკიდებელი მარეგულირებლების როლი ციფრულ ეპოქაში, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კონკურენციისა და ინვესტიციების წახალისება.

EU4Digital პროგრამისა და EaPeReg დამოუკიდებელი მარეგულირებლებისა და ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების სამუშაო ჯგუფის მჭიდრო თანამშრომლობით 2019-2020 წელს, ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო პაკეტზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის შეფასების მეთოდოლოგია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში განხორციელდა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოსა და მარეგულირებელი ორგანოს შეფასება, რაც მოიცავდა ისეთი საკითხების ანალიზს როგორიცაა მარეგულირებელი კომისიების მოწყობა და მართვა, მარეგულირებელი ორგანოს წევრების დანიშვნის წესი, ბიუჯეტის ფორმირება, საჯარო კონსულტაციებსა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, მარეგულირებლების უფლებამოსილებები და მოვალეობები, ბაზრის ანალიზთან დაკავშირებული საკითხები, ამოწურვადი რესურსების მართვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და უნივერსალური სერვისები.
ეს ის პარამეტრებია, რაშიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით მოწინავე პოზიცია უკავია და ამასთან საქართველოს მარეგულირებელი სისტემა შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. სამუშაო შეხვედრაში, ევროკომისიის, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU), ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC), მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისა და ტელეკომუნიკაციების დარგში პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფართოზოლოვანი კავშირის (ე.წ. broadband connectivity) გაზომვის ერთიანი მეთოდოლოგია შემუშავდება, რომლის ფარგლებშიც გაიზომება ფართოზოლოვანი კავშირის ისეთი ძირითადი პარამეტრები, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, ხარისხი და პენეტრაცია. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე მსჯელობისას, შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის პროგრამის ლიდერმა, ხუან ნავას საბატერმა, წარადგინა, რომელმაც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით წარმატებულ პრაქტიკაზე საუბრისას საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მან აღნიშნა, რომ პროექტი „Log in Georgia”, რომელიც საქართველოს სრულ ინტერნეტიზაციას ისახავს მიზნად, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი და მოდელია.R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები