„ამორალური ქმედებების თავიდან აცილების მიზნით“, „თალიბანის“ ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ ავღანეთის გარკვეულ ნაწილში ინტერნეტი აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პროვინციულ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აკრძალვა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ხუთ პროვინციას – კუნდუზს, ბადახშანს, ბაღლანს, ტახარსა და ბალხს შეეხება, რომლებიც რეგიონის დასახლებულ ცენტრებს მოიცავს.
ოფიციალური პირების თქმით, შეზღუდვა ვრცელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით განხორციელებულ ყველა ინტერნეტ კავშირზე. თუმცა, მათი თქმით, მობილური ტელეფონით ინტერნეტთან წვდომა შესაძლებელი იქნება.
პროვინციების განცხადების თანახმად, ყველა კავშირი გათიშულია.
„ეს ზომა მიღებულია ამორალური ქმედებების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია განცხადებაში და დასძენენ, რომ აუცილებელი საჭიროებებისთვის ალტერნატივა იქნება უზრუნველყოფილი.
როგორც მედია წერს, ამ გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ავღანეთში ოფისები, საცხოვრებელი სახლები და ბიზნესობიექტები ინტერნეტის გარეშე დარჩა.
ავღანეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ზალმაი ხალილზადმა, აკრძალვას აბსურდული უწოდა.
„თუ პორნოგრაფია ნამდვილად საზრუნავია, როგორც ეს ბევრ ისლამურ ქვეყანაშია, მისი ფილტრაცია ადვილად შეიძლება. ისლამური სამყაროს ბევრი ქვეყანა სწორედ ამას აკეთებს“, – თქვა მან.
„თალიბანმა“ გასული წლის ბოლოს ოფიციალურად დააკოდირა მორალის მარეგულირებელი წესების გრძელი ნაკრები, რომელიც მოიცავს ქალებისთვის სახის დაფარვისა და მამაკაცებისთვის წვერის მოშვების მოთხოვნებს, ასევე მანქანის მძღოლებისთვის მუსიკის დაკვრისა და გოგონებისთვის უმაღლეს სკოლებში სწავლის აკრძალვას.