აფხაზეთის კონფლიქტისას დაღუპული 4 ადამიანის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 9 კი საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს

90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და ცოტა ხნის წინ, საქართველოში გადმოსვენებული 4 ნეშტი, სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 9 კი, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს.

ტაძარში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები მივიდნენ და დაღუპულებს პატივი მიაგეს.

„საქართველოში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების დ მათი ოჯახების დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირთა დაკრძალვის ცერემონია დღეს შედგა. მათ შორის, ოთხი სამხედრო მებრძოლი სამხედრო პატივით დაიკრძალა დიღმის ძმათა სასაფლაოზე. ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას ამ პროგრამის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძლიერი მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და საზოგადოების ფართო ჩართულობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიებას, საბოლოოდ კი მოხდება ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რომელმაც არაერთი ჩვენი თანმემამულისსიცოცხლე შეიწირა. ამ ეტაპისთვის 2300-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მათგან უკვე გადაეცა ოჯახებს 206 იდენტიფიცირებული პირი. ბუნებრივია, ჩვენ ინტენსიურად განვაგრძობთ ამ პროცესს. როდესაც ჩვენ გადმოვასვენეთ 13 ჩვენი მოქალაქე კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გადაეცა ოჯახს ერთი იდენტიფიცირებული პირი სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში”,- განაცხადა ახვლედიანმა.

13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 583 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 206.

90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები