WSJ: ბაიდენი ოსმალეთის იმპერიიდან სომეხთა გენოციდის აღიარებას გეგმავს

“აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარებას გეგმავს”, – იტყობინება Wall Street Journal-ი აშშ-ში ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

მარტში ქვეყნის სენატის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტმა მოუწოდა თეთრი სახლის ლიდერს, აღიაროს სომეხთა გენოციდი.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ბაიდენი აპირებს, 1915 წლის ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და დეპორტაცია “გენოციდად” აღიაროს.

მოსალოდნელია, რომ განცხადება ბაიდენმა უკვე 24 აპრილს გააკეთოს, ამ დღეს სომხეთი “გენოციდის” დღეს აღნიშნავს. ამასთანავე, გამოცემის წყაროს თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენმა მხოლოდ ფორმალური განცხადება გააკეთოს, რომელშიც “გენოციდს” არ აღიარებს.

WSJ-ი ხაზს უსვამს, რომ ბაიდენის მიერ შესაძლო აღიარება, სავარაუდოდ, ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობის გაუარესებას გამოიწვევს. ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებს გაზეთის ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ამჟამად, აშშ-ის 50 შტატიდან სომეხთა გენოციდი 49 შტატს ადგილობრივ დონეზე აქვს აღიარებული, თუმცა, ფედერალურ დონეზე ეს ჯერ არ მომხდარა.

ოსმალეთის იმპერიაში 1915-17 წლებში მომხდარი, სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც სომხები მათი ერის მიზანმიმართულ გენოციდს უწოდებენ, 30 ქვეყანას აქვს აღიარებული.

გენოციდის შესახებ ბრალდებას გადაჭრით ეწინააღმდეგება თურქეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ პირველი მსოფლიო ომის შედეგად ქვეყანაში ატეხილ სამოქალაქო ომში დაიღუპნენ როგორც სომხები, ისე – თურქები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ამას გარდა, ანკარა დაჟინებით იმეორებს, რომ დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ასეული ათასია და არა – 1,5 მილიონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები