„ნაციონალური მოძრაობა შევა თუ არ შევა პარლამენტში, ამას დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს” – ნიკოლოზ მეტრეველი

„ნაციონალური მოძრაობა,, შევა თუ არ შევა პარლამენტში, ამას დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველი ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა.

„ძალიან დამღლელი პროცესი, რომელიც რამდენიმე თვეა – გრძელდება, გუშინ დასრულდა და საზოგადოებას შეუძლია, სხვა ბევრად მნიშვნელოვან პრობლემებზე კონცენტრირდეს – ისეთზე, როგორიცაა ეკონომიკური გამოწვევები, პანდემია და სხვადასხვა პრობლემა. საზოგადოებაც ძალიან დაღლილი და უკმაყოფილო იყო. როგორც იქნა, ეს წერტილი დაისვა. „ნაციონალური მოძრაობა შევა თუ არ შევა პარლამენტში, ამას დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შესაძელებლობა არსებობს და ყველა პარტიას ეძლევა საშუალება, თავის გეგმები განახორციელოს, საკანონმდებლო ორგანოში ბევრად ეფექტიანად იმუშაოს. ნებისმიერ ვარიანტში, ის ჩანაწერი, რომელიც 43 %-ის ვერაღების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების დანიშნვას გულისხმობს, ოქტომბრის თვეში თავისთავად საინტერესო პროცესებს გვიწინასწარმეტყველებს. ნებისმიერ ვარიანტში გენერალური ბრძოლის ერთერთი მთავარი ეტაპი, ალბათ, სწორედ შემოდგომა იქნება, როცა გამოჩნდება, რეალურად, ვის რა რესურსი აქვს და ყველა პარტიისთვის საარჩევნო გარემოც უკეთესი იქნება“, – განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში გაიმარჯვებს.

„მთავარი ამოცანაა, რომ მთლიანობაში ნორმალური გარემო იყოს. ვიღაცებს რატომღაც ჰქონიათ, რომ საარჩევნო სისტემას თუ შეცვლიან ან მაჟორიტარებს გააუქმებენ, არჩევნებს ასე მოიგებენ. ეს არჩევნებში გამარჯვების მთავარი ინსტრუმენტი არაა. მთავრი ინსტრუმენტი საზოგადოების მხარდაჭერაა. მე ხშირად ვიხსენებ 2012 წელს, როცა ბევრად უარესი სარჩევნო გარემო იყო, ელემენტარულად საარჩევნო უბნებზე იარაღებით ნიღბიანი ხალხი დარბოდა, მაგრამ ვისაც გამარჯვების თავი ჰქონდა და მის უკან ხალხი იდგა, იმან გაიმარჯვა. ამ რელობაში, თუ ვინმეს შესაძლებლობა და უნარი ექნება, ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში აუცილებლად გაიმარჯვებს.
რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება, რომ ოქტომბერში დესტრუქციული ძალები კვლავ ისეთ განცხადებებს გააკეთებენ, როგორიც ამ არჩევნებზე გააკეთეს.
ისევ იქნება ეუთო-ოდირ-ის სადამკვრივებლო მისია, მათი შეფასება იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი. ბოკერია ან ცალკეული რომელიმე პარტიის წარმომადგენელი რას იტყვის, ამას არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, მომავალ არჩევნებში ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ერთერთი მთავარი აქტორი იქნება.

„გახარია და კალაძე სერიოზული აქტორები არიან. მათი როლი ამ პროცესში ოქტომბრის არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება. მე ცალსახად არ ვიცი, ბატონი კალაძე მერის არჩევნებში თავის კანდიდატურას დააყენებს თუ არა, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. რაც შეეხება გახარიას – მას აქვს დაანონსებული ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ერთერთი მთავარი აქტორი ის იქნება. გახარია რომ არ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, პირდაპირ გეტყოდით, რომ „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ აიღებდა ამ 43 %-ს. ახლა ვთვლი, რომ მმართველ გუნდსაც ასე მშვიდად ყოფნის საშუალება არ ექნება და ეს არჩევნები მათთვისაც ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნება“, – განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება გუშინ შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

შეთანხმების ტექსტს ოპოზიციიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე, დოკუმენტზე ინდივიდური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა – სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა – დავით ბაქრაძემ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.
დოკუმენტს არ შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
მმართველი გუნდის სახელით ტექსტს ხელი მოაწერეს: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა – შალვა პაპუაშვილმა.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს მიიღებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები