ნეპალში ზვავის ჩამოწოლის შედეგად შვიდი მთამსვლელი დაიღუპა
ნეპალის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰიმალაის მწვერვალზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე შვიდი მთამსვლელი დაიღუპა, მათ შორის ხუთი უცხოელი და ორი ნეპალელი,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
დაღუპულებს შორის იყვნენ ორი იტალიელი, ერთი კანადელი, ერთი გერმანელი, ერთი ფრანგი და ორი ნეპალელი გიდი.
შემთხვევა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დოლახას რაიონში, იალუნგ რის მთაზე მდებარე ბაზის ბანაკთან ახლოს მოხდა.
მაშველებმა ორი ცხედარი ამოიყვანეს და აგრძელებენ დარჩენილი ხუთის ძებნას, რომლებიც, სავარაუდოდ, თოვლის ქვეშ არიან დამარხულნი.
ზვავისგან მაშველებმა რვა ადამიანი გადაარჩინეს და ისინი სამედიცინო დახმარებას დედაქალაქ კატმანდუში იღებენ.