ვოლსკი – ევროკომისიის ანგარიშზე: ანგარიშში არ მოხვდა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ასევე, ევროკომისიამ გვერდი აუარა იმ მოვლენებს, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარდა

“ჩვენ ბრალს გვდებენ იმაში, რომ არ ვართ შესული იმ სანქციების რეჟიმში, რომელიც მათ გააჩნიათ, მაგრამ არ არის მოხსენიებული, რამ განაპირობა ის, რომ ჩვენ სამხედრო დაპირისპირებაში ვერ და არ შევდივართ და მეორე ფრონტს არ ვხსნით. ამასთან დაკავშირებით უსინდისოა ეს შეფასება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, ანგარიშში არ მოხვდა ის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ევროკომისიამ გვერდი აუარა იმ მოვლენებს, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარდა.

„წარმოიდგინეთ, უკრაინაზეა საუბარი, რომ თითქოს ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ დოკუმენტებს. ეს არის პირდაპირ, გონჩარენკო რომ არის მოსულელო ადამიანი, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ რბილად ვთქვი, მის შეფასებებზე და მის ემოციებზე დაყრდნობით გაკეთებული აბზაცია. დოკუმენტი არ დაგვიტოვებია, მათ შორის რეიკიავიკის დოკუმენტი, რომელიც რეესტრის შედგენას ითვალისწინებს იმ ზარალის, რაც უკრაინას ამ ომისგან მიადგა. ასევე, ითვალისწინებს შემდგომში ტრიბუნალისადმი მიმართვის თემას, რაც საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, არსებობს 500-მდე რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ ვართ შეერთებული. მხოლოდ ეს ერთი თემა რომ ავიღოთ, წარმოიდგინეთ რამხელა უსამართლობაა ამ მიმართულებით ჩვენი კრიტიკა. და არც ერთი სიტყვა ნათქვამი არ არის იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და საფრთხეები რეალურია, რომელიც მოდის ამ ოკუპაციიდან გამომდინარე. საფრთხეები რეალურია იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რუსეთთან სამხედრო, თუნდაც ეკონომიკური დაპირისპირება გვექნება, რასაც ესენი ითხოვენ.

ამ შემთხვევაში მოხსენებაში ეს რომ არ მოხვდა, ამას გარკვეული ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა დავუკავშიროთ. რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ახსენონ ის მდგომარეობა, რაშიც საქართველო ჩააყენა წინა ხელისუფლებამ, ვინაიდან შემდეგ იმ კრიტიკას გზა არ გაეხსნება, რომელიც არის მიმართული საგარეო კურსის დახასიათებასთან. ჩვენ ბრალს გვდებენ იმაში, რომ არ ვართ შესული იმ სანქციების რეჟიმში, რომელიც მათ გააჩნიათ. ანუ ჩვენი საგარეო კურსი და ევროკავშირის საგარეო კურსი დიდ აცდენაშია ერთმანეთთან, როგორც მეტყველებს ეს მოხსენება. მაგრამ არ არის მოხსენიებული რეალური სიტუაცია, რამ განაპირობა ის, რომ ჩვენ იგივე სამხედრო დაპირისპირებაში ვერ შევდივართ, არ შევდივართ და მეორე ფრონტს არ ვხსნით. ამასთან დაკავშირებით იმდენად უსინდისოა ეს შეფასება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტში ევროკომისარმა, მარტა კოსიმ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები