რუსეთში აშშ-ის ელჩი კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში ბრუნდება

რუსეთში აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, მიმდინარე კვირას ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის დაბრუნდება.

ამის შესახებ სალივანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

“მივიჩნევ მნიშვნელოვნად, ბაიდენის ადმინისტრაციაში კოლეგებს პირდაპირ ვესაუბრო შეერთებული შტატებისა და რუსეთის ამჟამინდელ ორმხრივ ურთიერთობაზე. გარდა ამისა, ჩემი ოჯახი ერთ წელზე მეტია, რაც არ მინახავს, ესეც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ჩემთვის, რომ სახლში დავბრუნდე და მოვინახულო ისინი. მოსკოვში უახლოეს კვირებში დავბრუნდები, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრამდე”, – ნათქვამია სალივანის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც 15 აპრილს ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – სერგეი ლავროვმა 16 აპრილს სალივანს ურჩია, გაემგზავროს საკუთარ “დედაქალაქში და იქ სერიოზული კონსულტაციები გამართოს”.

თუმცა, ელჩმა მოსკოვის დატოვებაზე უარი თქვა.

ამასთან, რუსული “კომერსანტი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში ელჩის გამგზავრების საკითხი, გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყდა. ერთმანეთს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი  – ნიკოლაი პატრუშევი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯეიქ სალივანი ესაუბრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები