ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება

ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები იწყება, რომლის მიზანი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეწყერსაშიში პროცესების პრევენცია და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, განხორციელდება მეწყერსაშიში ფერდის საინჟინრო-საპრევენციო ღონისძიებები, სამუშაოები კი 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება.

„უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედლები. ასევე, ფერდზე მოეწყობა 2 060 ანკერი, დამონტაჟდება ფოლადის გალვანიზებული ბადე და ბაგირი, რაც აღმოფხვრის ქანების ჩამოშლისა და მეწყრული პროცესების განვითარების რისკს.გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის მოწყობაც, რომელიც ზედაპირული წყლების მოცილებისთვის მნიშვნელოვანია და ფერდის მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს. სამუშაოების დასრულების ეტაპზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება – დაიგება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება თანამედროვე ლითონის ზღუდარები და სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, ფერდის გამაგრების სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, უახლოეს დღეებში დაიწყება და რვა თვეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები