კახა კალაძე: მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის ხიდის მიმდებარედ დახაზულმა „ბასლეინმა“ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება გაუუმჯობესა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის (ე.წ. შეშელიძის)მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა.

„გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. ასევე, გარკვეული მიმართულებებით მოძრაობის წესები შეიცვალა. გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა. რა თქმა უნდა, მძღოლებს გარკვეული დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ ადაპტირდნენ, თუმცა ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ნაკადებს – ცვლილებების შედეგად, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად ვიღებთ.

აღსანიშნავია შემდეგი გარემოებები – მას შემდეგ, რაც ე.წ. ბასლეინი დაიხაზა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება. აქამდე ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს მანქანების საცობში უწევდათ დგომა. სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ თითქოს, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაჩნდა აღნიშნულ ტერიტორიაზე საცობი. შეფერხება იყო, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დიდ დიღომში მცხოვრებლებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ მისვლისთვის დიდი დრო სჭირდებოდათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტობუსის ზოლის მოწყობის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების კომფორტულად გადაყვანა ვერ მოხერხდებოდა.

„იმის გამო, რომ ავტობუსებს საცობში დგომა უწევდათ, გაჩერებებზე მგზავრების რაოდენობა ორმაგდებოდა. ავტობუსის გაჩერებაზე მისვლას 10-15-წუთიანი ინტერვალი აქვს, თუმცა მოქალაქეებს, დაახლოებით, 40 წუთი უწევდათ გაჩერებაზე დგომა. აღარ ვსაუბრობ გადაადგილებაზე. ეს ყველაფერი ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა და ეს აბსოლუტურად მესმის. ადამიანი, რომელიც დილას მიდის სამსახურში, შემდეგ მთელი დღე მუშაობს და საღამოს დაღლილი ბრუნდება სახლში, მას საზოგადოებრივი ტრანსპორტით კომფორტულად გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს. ავტობუსის ზოლის მოწყობის გარეშე ამ ტერიტორიაზე გაზრდილი მგზავრთნაკადის შეფერხებების გარეშე გადაყვანა ვერ მოხდებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილების შედეგად, არსებული ქაოსური მოძრაობა დარეგულირებულია, თუმცა რჩება პრობლემური მონაკვეთი და მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში კონკრეტულ გადაწყვეტილებას აქაც მიიღებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ქაოსური მოძრაობა დარეგულირდა, რიგ მიმართულებებზე გაუმჯობესდა კერძო ავტომობილების გადაადგილება. მაგალითად, ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით ავტომანქანით მგზავრობის დრო რვა წუთით შემცირდა, ხოლო ექვსი წუთით შემცირებულია – ქერჩისა და ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ფეიქრების ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე ისევ გვრჩება გამოწვევა. ჩვენ არ ვერიდებით პრობლემებზე საუბარს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველა მიმართულებით მუშაობენ, აწარმოებენ ყოველდღიურ მონიტორინგს, რომ სიტუაცია დარეგულირდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები