ნავალნის მკურნალი ექიმი: ვიტამინოზური თერაპია შესაძლებელია მხოლოდ სხვა სახის მკურნალობასთან ერთად

რუსი ოპოზიონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი მკურნალი ექიმის, ალექსეი ერლიხის თქმით, ვიტამინოზური თერაპია შესაძლებელია მხოლოდ, როგორც სხვა მკურნალობის ნაწილი.

ამის შესახებ მან რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც, მისი თანხმობით, ვიტამინოზურ თერაპიას უტარებენ.

როგორც ერლიხმა თქვა, “თუ გამოიყენება მხოლოდ ასეთი თერაპია, მაშინ ასეთი მკურნალობა ძალიან საეჭვოა” და დასძინა, რომ შიმშილობის სამი კვირის თავზე პოლიტიკოსს ვიტამინების დეფიციტი ნამდვილად შეექმნებოდა.

ნავალნის კიდევ ერთი ექიმის, კარდიოლოგ იაროსლავ აშიმხინის თმით, “ვიტამინები ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ არის, ნავალნის კი ტკივილის გაყუჩება სჭირდება”.

პოლიტიკოსის ექიმთა გუნდის კიდევ ერთი წევრის, ანასტასია ვასილიევას თქმით, “ალექსეი საავადმყოფოში კი არ არის გადაყვანილი – ის სხვა კოლონიაში გადაიყვანეს, იკ-3-ში, ციხეში, სადაც ტუბერკულოზს კურნავენ! ეს საავადმყოფო არ არის, სადაც შეიძლება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დაწყება. საგანგებოდ ვითხოვთ კონსილიუმის გამართვას და მასთან შეშვებას, მისი მკურნალ ექიმებს”.

დღეს რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ​ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც, მისი თანხმობით, ვიტამინოზურ თერაპიას უტარებენ.

პოლიტიკოსის მდგომარეობას ადმინისტრაცია “დამაკმაყოფილებლად”აფასებს. მათი თქმით, ნავალნის ყოველდღე ექიმი-თერაპევტი სტუმრობს.

ალექსეი ნავალნი 15 მარტიდან პოკროვში, იკ-2-ის ციხეში იმყოფება. ის 31 მარტიდან შიმშილობს, რადგან მასთან იმ ექიმებს არ უშვებენ, რომელთაც ენდობა. 5 აპრილს პოლიტიკოსი საპატიმროს სანიტარულ ნაწილში ძლიერი ხველებითა და მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს. 12 აპრილს კი უკან დააბრუნეს.

17 აპრილს “ექიმთა ალიანსის” პროფკავშირების წევრებმა, რომლებიც ნავალნის სისხლის ანალიზს გაეცნენ, განაცხადეს, რომ მასში კალიუმის დიდი რაოდენობაა, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს.

ნავალნისთან ექიმების დაშვების მოთხოვნას ხელი მსოფლიოს კულტურის 70-ზე მეტმა მოღვაწემ მოაწერა, მათ შორის, მწერალმა ჯოან როულინგმა, მსახიობმა ჯუდ ლოუმ და სხვებმა.

ნავალნის გუნდი 21 აპრილს მასშტაბურ მხარდამჭერ აქცია აანონსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები