“კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დირექტორი: ნავალნის საავადმყოფოში გადაყვანა ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა

“კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დირექტორის, ივან ჟდანოვის შეფასებით, საოლქო საავადმყოფოში ალექსეი ნავალნის გადაყვანა ნიშნავს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“იკ-3-ში გადაყვანა ისეთივე წამების კოლონიაში გადაყვანაა, უბრალოდ, დიდი სტაციონარით, სადაც მძიმე ავადმყოფები გადაჰყავთ. ანუ ეს უნდა გავიგოთ ისე, რომ ნავალნის მდგომარეობა გაუარესდა და იმდენად გაუარესდა, რომ ამას წამების კოლონიაც აღიარებს”, – წერს ჟდანოვი.

მისი აზრით, 21 აპრილის აქციამდე ხელისუფლება ნავალნის შესახებ “კარგ სიახლეებს” გამოაქვეყნებს. მისივე თქმით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზუსტი ინფორმაციის მიღება მისი ადვოკატებისგან იქნება შესაძლებელი.

დღეს რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურმა გავრცელა ინფორმაცია, რომ ​ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც, მისი თანხმობით, ვიტამინოზურ თერაპიას უტარებენ.

პოლიტიკოსის მდგომარეობას “დამაკმაყოფილებლად” აფასებენ. მათი თქმით, ნავალნის ყოველდღე ექიმი-თერაპევტი სტუმრობს.

ალექსეი ნავალნი 15 მარტიდან პოკროვში, იკ-2-ის ციხეში იმყოფება. 31 მარტიდან კი ის შიმშილობს, რადგან მასთან იმ ექიმებს არ უშვებენ, რომლებსაც ენდობა. 5 აპრილს პოლიტიკოსი საპატიმროს სანიტარულ ნაწილში ძლიერი ხველებითა და მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს. 12 აპრილს კი უკან დააბრუნეს.

17 აპრილს “ექიმთა ალიანსის” პროფკავშირების წევრებმა, რომლებიც ნავალნის სისხლის ანალიზს გაეცნენ, განაცხადეს, რომ მასში კალიუმის დიდი რაოდენობაა, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს.

ნავალნისთან ექიმების დაშვების მოთხოვნას ხელი მსოფლიოს კულტურის 70-ზე მეტმა მოღვაწემ მოაწერა, მათ შორის, მწერალმა ჯოან როულინგმა, მსახიობმა ჯუდ ლოუმ და სხვებმა.

ნავალნის გუნდი 21 აპრილს მასშტაბურ მხარდამჭერ აქცია აანონსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები