ბიძინა კულუმბეგოვი: კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო

“დღეს კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო – ვერც ჯანმო-მ და ვერც „კოვაქსმა“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

კულუმბეგოვმა გადაცემაში ვაქცინების შესახებ ისაუბრა.

„თავისი თავი უკვე დაამტკიცეს „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“. თუ არ ჩავთვლით ალერგიული მოვლენების რისკს, რაიმე განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები, ჯერჯერობით, მათ არ უვლინდებათ. თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, უსაფრთხოების ამ სტანდარტით, ისინი უფრო მაღალი უსაფრთხოების ვაქცინებად ითვლებიან, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი კონტექსტი; დღეს მსოფლიოში ვხედავთ, რომ ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა ძალიან შეზღუდულია. აშშ-ში Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება შეჩერდა…. 7 მილიონ შემთხვევაზე, დაახლოებით, 6 თრომბოემბოლიური მოვლენა გამოვლინდა, აქედან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კრიტიკულ სიტუაციაშია და დარჩენილი ადამიანები გამოჯანმრთელდნენ. შესაბამისად, აშშ-ის NCDC-მ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს ამ ვაქცინის გამოყენება. ცხადია, ეს პროცესი ჩვენც გვაზარალებს შემდეგი თვალსაზრისით: აშშ-სა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, რომლებიც Johnson & Johnson-ის ვაქცინის მიმართ გარკვეულ მოლოდინებს იჩენდნენ, კვლავ „ფაიზერსა“ და „მოდერნაზე“ მოთხოვნა გაზარდეს. მაგალითად, ჩვენს ქვეყანას ჰქონდა დაპირება, რომ წლის ბოლომდე 150 ათასი დოზა უნდა მიეღო, მაგრამ, როგორც ვიცით, მათ ოფიციალური წერილი მოიწერეს, ეს ვაქცინა ამოვარდა და საქართველო „მოდერნას“ დოზებს ვერ მიიღებს, რადგან ის მწარმოებელს, აშშ-ს სჭირდება. დღეს კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო – ვერც ჯანმომ და ვერც „კოვაქსმა“. მეც და, დარწმუნებული ვარ, თქვენც, ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდით, „ფაიზერი“ და „მოდერნა“ რომ გვქონოდა იმდენი, რამდენიც გვინდა, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, ამის თეორიული შანსი მინიმალურია 2022 წლამდე“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები