ნიკა მელიას ადვოკატი: ეს გადაწყვეტილება იკითხებოდა პროცესის პირველივე წუთებიდანვე, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მეთოდით
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული.
„ეს გადაწყვეტილება იკითხებოდა პროცესის პირველივე წუთებიდანვე. ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლომ ელემენტარულად ვერ გამოიჩინა პრინციპულობა და ვერ დადგა კანონის მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მეთოდით, რაც არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაშვებული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ევროპულ ასპარეზზე.
იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა და ხელისუფლება 2 თვის განმავლობაში ავრცელებდნენ პროპაგანდას, რომ თურმე მელიას შეეძლო გირაოს გადახდა და გამოსვლა, დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა და მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.