ნიკა მელია – მოსამართლეს: ხელისუფლება შეიცვლება და უნდა იფიქროთ რეპუტაციაზე

“​კობახიძემ აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო”, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.

მისი თქმით, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით, მათ შორის არის „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები.

„პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა, გადავუხადო, ვინც დარბაზშია და დარბაზს გარეთაა. თქვენც მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ენერგიას მაძლევთ და მოტივაცია მეძლევა, იმიტომ, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი გულუაშვილი. სულ არაა აუცილებელი მოსამართლეობა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა. საუბარია შსს-ს მაღალჩინოსანზე, რომელიც ამბობს, ამას მავალებდნენ და ვასრულებო. როგორ შეიძლება ახლა, თქვენ მოსამართლე ბრძანდებით, გინდოდეთ სიმართლის დადგენა და არ გაგიჩნდეთ სურვილი ამ ადამიანების დაკითხვის. დინამიკების კაბელები გადააჭრევინეს. ამას თუ არ დააკმაყოფილებთ, გასაგები გახდება ბევრი ადამიანისთვის, რას ემსახურებით თქვენ და მე.

რაც შეეხება კობახიძეს, რომელიც ამბობს, ვიდრე თქვენ იმსჯელებდით, აი, წირვაში დაღლილი მღვდლის გამომეტყველებით, კორექტული ვიქნები ვეცდები, მაგრამ რაც თქვენ ჩემ მიმართ განახორციელეთ, ვიდრე აქ საუბრობდით, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ქონდათ, რომ მე ციხეში უნდა წავსულიყავი. თქვა ეს კობახიძემ და აღიარა. თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზეც უნდა იფიქროთ. ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რას იტყვის თქვენი მეზობელი ან ნათესავი, როგორი მოსამართლე იყავით; 20 წლის მერე ამ საქმეზე ხომ დადგინდება სიმართლე; აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია და თავი უნდა, მოაჩვენოს, თითქოს, იყო წინააღმდეგი, რაც უნდა პარადოქსი იყოს, ამ დროს კობახიძე იყო გულწრფელი. გახარია თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ.

ქალბატონო მოსამართლე, უნდა დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა, ამაზე მყარი არგუმენტი არ არსებობს. თქვენს ადგილზე ნებისმიერი მოქალაქე რომ დაჯდეს, დააკმაყოფილებს. როგორ მოხდა, რომ ვიდრე ციხეში გამიშვებდნენ, პოლიტიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გავეშვი ციხეში და ვიდრე თქვენ მსჯელობდით, ოფისის მიმდებარედ სპეცრაზმის მობილიზაცია იწყებოდა. არ ხდება ამ ბრძანების გაცემა, თუ არ იცის შესაბამისმა სამსახურმა, რომ უკვე გადაწყვეტილება მიიღო“, – მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები