მამუკა არეშიძე: პოლიტიკური სტაგნაცია გვაიძულებს, ვიფიქროთ, რომ არა მარტო კონკრეტული პოლიტიკური ძალების დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, არამედ გარე ძალებიც აქტიურად მუშაობენ ქვეყნის დასასუსტებლად
ექსპერტი, მამუკა არეშიძე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აფასებს.
ექსპერტი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების რესურსს ვერ ხედავს.
“სამწუხაროდ, ეს ნახევარწლიანი პოლიტიკური სტაგნაცია გვაიძულებს, ვიფიქროთ, რომ არა მარტო კონკრეტული პოლიტიკური ძალების დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, არამედ გარე ძალებიც აქტიურად მუშაობენ ქვეყნის დასასუსტებლად და განვითარების პროცესის, რომელიც პანდემიის გამო ისედაც შეფერხებულია, გასაჩერებლად.
ანალოგიური ვითარება საქართველოს უახლოეს ისტორიაში უკვე გვქონდა, რაც ძალიან ტრაგიკულად დასრულდა. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვეყანამ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და, როგორც იქნა, მოიპოვა დამოუკიდებლობა, ყველაფერი გაკეთდა ქვეყნის გარედან იმისთვის, რომ აქაური პოლიტიკური ძალები იმდენად დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, საქართველოს დამოუკიდებლობის ავანგარდის შემქმნელი ქვეყნის როლი ვერ შეესრულებინა. როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით. სამწუხაროდ, დღესაც დაახლოებით იმგვარი სურათია, როგორიც მაშინ იყო. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დაპირისპირებული მხარეების რიგებში ჯერჯერობით შეიარაღებული პირები არ ჩანან. თუ ასე გაგრძელდა, ვერ ვიქნებით დაზღვეული ასეთი პირების გამოჩენისგან. მერე ცეცხლის ასანთებად შეიძლება, პატარა პროვოკაციაც საკმარისი აღმოჩნდეს.
ჩვენ ვიქეცით ერად, რომელიც შეცდომებით ვერაფერს სწავლობს. ნეტავ, ვცდებოდე და ეს ვითარება სულ უფრო მეტად არ დაემსგავსოს 90-იანი წლების დასაწყისის მდგომარეობას. მაშინაც შეიძლებოდა კომპრომისის გამონახვა, მაგრამ ეს მხარეებმა არ მოინდომეს და ეს დაპირისპირებაც ხელშეწყობილი იყო გარე ძალებისგან.
რა, როგორ და საიდან იმართებოდა, უკვე მეტნაკლებად ვიცით. დღესაც იგივე რომ ხდება, რაზეც გაცილებით დიდი ინფორმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ, მეტყველებს სწორედ მათი აქტიურობა. მათგან უკვე ლამის განწირულ მოწოდებებს ვისმენთ, რათა როგორმე ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს. კიდევ ერთხელ ვამბობ – იმიტომ კი არ არის დასავლეთის ამხელა ჩართულობა, რომ მაინცდამაინც ჩვენი დიდი სიყვარული აქვთ, არა, დასავლეთს სურს სამხრეთკავკასიურ პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად დაბრუნება, რაც ყარაბაღის მოვლენების შემდგომ ძალიან შეიზღუდა, და დასაბრუნებლად საქართველო მათთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ამიტომაც ამ ქვეყნის რღვევას ისინი ვერაფრით ვერ შეურიგდებიან. რასაკვირველია, ისინი ხედავენ, რომ დღეს საქართველოში შექმნილ ვითარებაში ჩართულია გარეშე ძალა და შესაძლებელია არა ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნიდანაც. ამის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ტორპედირებაა. ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის გულწრფელ პოზიციას მარჯვედ იყენებენ, ახმარენ მას ანგაჟირებული, მოსყიდული ე.წ. მესამე სექტორის წარმომადგენლებს და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მიაქვთ უდიდესი იერიში.
უკვე ისეთი ვითარებაა, საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ ყველაფერზე, მათ შორის მცირე ჰესების საწინააღმდეგოდაც. უკვე ასე სვამენ საკითხს – სჭირდება თუ არა ჰესები საქართველოს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მიზანმიმართული მტრობა. დღეს ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს დემონტაჟის პროცესს და არა მარტო პოლიტიკურად. საქართველო არ არის ბელგია, რომელმაც თითქმის ერთწლიან პოლიტიკურ კრიზისს გაუძლო, როდესაც პრემიერ-მინისტრის არჩევას ვერაფრით ახერხებდნენ. ბელგია ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბაზისზე დგას, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ასეთი ქვეყანა. 30 წლის სახელმწიფო ასეთ რყევებსა და დარტყმებს დიდხანს ვერ გაუძლებს. ადრე ვამბობდი, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაიგეს, რამხელა ზიანს აყენებენ ჩვენს სახელმწიფოს-მეთქი, ახლა უკვე ვფიქრობ, რომ მათ ამის გაგება არ სურთ. არ სურთ იმიტომ, რომ სხვა რამით არის დაკავებული მათი გონება. განსაკუთრებით, იმ ოპოზიციურ ძალებს ვგულისხმობ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გაგრძელებად იქცნენ და რომლებსაც ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში იმ შედეგის გამეორების შანსიც კი არა აქვთ, რაც გასული წლის არჩევნებზე მიიღეს. გასაოცარია, ეს ძალები რატომ მოქმედებენ სააკაშვილის კარნახით და თავიანთი თავის საზიანოდ? ვუყურებთ, როგორ იქცევა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და როგორ იზრდება ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური ელიტის მიმართ უნდობლობა. საზოგადოების ამ კრიტიკული დამოკიდებულების გამოძახილი მგონია ის აქციაც, რომელიც 9 აპრილს ევროპის მოედანზე გაიმართა. ეს აქცია არ ყოფილა ვინმეს მხარდასაჭერი, ჩემი აღქმით, ის უფრო მთელი პოლიტიკური ელიტის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.
მე რაც ვნახე, იქ სულ სხვადასხვა პოზიციის ხალხი იყო შეკრებილი, ისინი, ვისაც შექმნილი ვითარებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აერთიანებთ. მეტიც, მე იქ დავინახე მთელ პოლიტიკურ ელიტაზე ნაწყენი ხალხი. რას იტყვის მიხეილ სააკაშვილი, ეს ნაკლებად საინტერესოა. ის თავისი პოზიციის გამყარებას ცდილობს, თუმცა აქაც შეცდომას უშვებს. იმის ნაცვლად, ქვეყნის გარეთ მყოფმა ლიდერმა მოუწოდოს საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, შეურაცხყოფს იმ ადამიანებს, ვისი კეთილგანწყობის მოპოვებასაც წესით უნდა ცდილობდეს. როგორც უკვე ვთქვი, იქ სულ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანები იყვნენ, მაგალითად, ვნახე ხალხი “ნამოხვან ჰესის” საწინააღმდეგო პლაკატებით, ასევე რადიკალური ოპოზიციის მოწინააღმდეგეები და ხალხი, ვინც “ქართული ოცნების” მოქმედებებით უკმაყოფილოა…
სამწუხაროდ, მოლაპარაკებისა და შეთანხმების რესურსს ვერ ვხედავ. გახსოვთ, ალბათ, დანიელსონის მისიასაც სკეპტიკურად ვუყურებდი და ჩემი ნეგატიური მოლოდინი გამართლდა. ჩვენს პოლიტიკოსებს არაფრის გაგონება არ სურთ, მათზე არგუმენტები არ მოქმედებს, არც დასავლური პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლების შეფასებები და მიმართვებია მათთვის საკმარისი. დღეს ეს მათთვის აღარაფერს ნიშნავს. იმავდროულად, ხალხს ექცევიან როგორც ბრბოს, ჰგონიათ, აბსოლუტურად სულელ ადამიანებთან აქვთ საქმე. დასავლეთის ნებისმიერ გზავნილს ჩვენი პოლიტიკოსები თავისებურად თარგმნიან და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. თუ მათ აკრიტიკებენ, ამას არც ახსენებენ, თუ მოწინააღმდეგეს აფასებენ უარყოფითად, მაშინ ამის ტირაჟირებას ახდენენ. სხვათა შორის, ეს უკვე ჩვენმა პარტნიორებმაც კარგად დაინახეს.
მეტი რაღა თქვან, როგორ შეგვაგნებინონ, რომ ამგვარი საქციელით ქვეყანას ვაზიანებთ. ასეთი ღია ტექსტებით არც მახსოვს, ვინმესთან ელაპარაკათ ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსებს. ამის პარალელურად, ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც უკვე გითხარით, ქართველ ხალხს სულელად თვლიან. რატომღაც ჰგონიათ, რომ ამ ხალხმა არაფერი იცის და ვერაფერს ხვდება. არადა, ასე არ არის. ხალხი ყველაფერს ხვდება. ამიტომაც არის ასეთი მასშტაბური იმედგაცრუება პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ. სოციოლოგიური კვლევების შედეგებს მაინც შეხედონ. სულ ტყუილად ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ კვლევების შედეგები არარეალურია, არ ვიცი, შეიძლება არის მათში უზუსტობებიც, მაგრამ ტენდენცია თვალნათელია – ქვეყანაში დღითი დღე ნაკლებად ენდობიან პოლიტიკურ ძალებს. დასავლეთმა არაერთხელ შეგვახსენა და ჩვენც კარგად ვიცით, რომ დღეს მსოფლიოს წინაშე უამრავი პრობლემა და გამოწვევაა. თუ ამხელა ყურადღებას გვაქცევს ევროპა, იმიტომ, რომ ვჭირდებით, მაგრამ თუ ასე გავაგრძელეთ, ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა უკვე აღარც დასავლეთს დასჭირდება. ობიექტურად რომ ვთქვათ, დღეს ხელისუფლება ბევრად ამორფულია, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია. ხელისუფლებამ არ მისცა თავს რადიკალური ჯგუფების შექმნის უფლება, რაც გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ამიტომ მეშინია სამოქალაქო დაპირისპირების. ეს არის ჯგუფები, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული, განსაკუთრებით ახალგაზრდული ჯგუფები. როდესაც ვეუბნებოდით საზოგადოებას, არსებობს სპეციალური სასწავლებლები, სადაც ამ ტიპის ახალგაზრდების გაწვრთნა ხდება-მეთქი, ამას ყურადღებას არავინ გვაქცევდა. დღეს სხვადასხვა დასახელების ახალგაზრდულ ჯგუფებში, რომლებიც მრავლად შვა “ნაციონალურმა მოძრაობამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად, გაერთიანებული არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანაზე ჰყავთ დაგეშილი, მათთვის მთავარი დესტრუქციაა. ამგვარი გზით აპირებს რადიკალური ოპოზიცია მიზნის მიღწევას – ნებისმიერი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, არავინ ფიქრობს.
ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის ეს გამოსვლა იყო იმ განწყობების ილუსტრირება, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაშია. უბრალოდ, მან როგორც გამოცდილმა დიპლომატმა მარტივად აუღო ალღო ვითარებას და თავს კრიტიკული განცხადებების გაკეთების უფლება მისცა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო დიპლომატიურად კრიტიკული. სხვათა შორის, ეს გამოსვლა იყო ძალიან სწორი გზავნილი ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით მინიშნება იმაზე, რომ ხელისუფლება ძალიან ჩაკეტილია და დროა გახსნას კარი საზოგადოებასთან საურთიერთოდ. ტელეეთერებში გამოსვლა და ლაპარაკი, რაღაცის ახსნა, საკმარისი არ არის. საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია პირადი ურთიერთობა. სანამ კრიზისი არ შეიქმნება, ვერ ვხედავთ ხალხთან გასულ მინისტრებს თუ მათ მოადგილეებს. ხელისუფლება მხოლოდ ოპოზიციასთან ომით არის დაკავებული, ხალხთან ურთიერთობა კი მეორეხარისხოვან საქმედ აქციეს, რაც არასწორია”, – განაცხადა არეშიძემ.