ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: დეზინფორმაციაა, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ. ამ საკითხზე ისაუბრა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილემ, ცირა ნაფეტვარიძემ, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა. როგორც სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, მიმდინარე პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, რის დასტურადაც იმ გარემოებას ასახელებს, რომ ცხოველთა მიკედლებისა და მოვლის პროცესში სრულად არიან ჩართულები თავად მიმკედლებლები, მიუსაფარი ცხოველების უფლებადამცველები და ცხოველთა მოყვარულები. „მიმდინარე პროცესი იმდენად გამჭვირვალეა, რომ ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული [ინფორმაცია], რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ. ამას ეწინააღმდეგება ზუსტად ის გარემოება, რომ პროცესში სრულად ჩართული არის მიმკედლებელი ან და მიუსაფარი ცხოველების უფლებადამცველი, ცხოველთა მოყვარულები. ეს კიდევ ღია და ცალსახად გაშუქებული არის ოფიციალურ პლატფორმაზე.“- განაცხადა ცირა ნაფეტვარიძემ.