ნიკოლოზ სამხარაძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უკვე შესრულებულია, ამიტომ, ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ამ ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა
“რეკომენდაციები უკვე შესრულებულია, ამიტომ, ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ამ ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მარტივია გადამოწმება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებულია თუ არა.
„შეიძლება, რაღაც ვერ გაიგეს ან არასწორად გაიგეს. ყოველ შემთხვევაში ძალიან მარტივია გადამოწმება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებულია თუ არა. ყველა ტრანშს, რომელიც საქართველოში ირიცხება, გარკვეული პირობითობა მოჰყვება. ეს ევროკავშირისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ჩვენ უნდა შეგვეცვალა კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პასუხად და ამის შემდეგ მოხდებოდა მეორე ტრანშის გადმორიცხვა. ჩვენ ეს კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მივიღეთ. ამის გაკეთება ახალ პარლამენტს მოუწია. ეს რეკომენდაციები უკვე შესრულებულია. ამიტომ, ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ამ ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა“, – განაცხადა სამხარაძემ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადება 7 აპრილს გაავრცელა.