„ერთი ჩეკისტი პოზნერის გამო მოხდა ეს, შედეგს დავითვლით, ვნახავთ, ქვეყანაში რამდენი ტურისტი შემოვა“ – გოგა ხაინდრავა
“თვითმფრინავში ისხდნენ ისრაელის, საფრანგეთის, ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც შეესწრნენ ამ ზოოპარკს, რომლის მოწმენიც თბილისში გავხდეთ”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ იმ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება.
განცხადება ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ხდება დასავლური გზის დისკრედიტაცია. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველომ გამოაცხადა, რომ 2024 წელს ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის შეტანას აპირებს. იმ დღიდან მოყოლებული მშვიდი არცერთი დღე არ ყოფილა. ყოველდღე არის დესტრუქცია. დესტრუქციას აწარმოებს ზონდერჯგუფი, რომელიც 100 კაცისგანაა შემდგარი და მათ სათავში უდგას მაქარაშვილი, რომელიც პირდაპირ რუსეთის მსახურია. ამას არასდროს მალავდა და დღესაც ამ საქმეს ემსახურება, ისევე როგორც ელენე ხოშტარია, რომელიც კაგებე-ს სამჭედლოშია გაზრდილი. მთელი მისი მოქმედება პირდაპირ თანხვედრაშია იმ ზრახვებთან, რაც რუსეთს საქართველოში გააჩნია. ლამაზი სიტყვები მოიგონეს – ჰიბრიდული ომი. ჰიბრიდული ომი არის ზუსტად ის, რაც ელენე ხოშტარიამ გააკეთა ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით და განსაკუთრებით თვალსაჩინო ეს პოზნერის შემთხვევაში აღმოჩნდა. პოზნერი ნიკოლოზისდროინდელი ჩეკისტია. ეს დამალული არავისთვისაა. პოზნერი რომ კაგებე-ს თანამშრომელია, ეს ყველამ იცის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, როდესაც მოფრინავს თვითმფირნავი, სადაც არის ისრაელის, საფრანგეთის, ამერიკის ათეულობით მოქალაქე, ეს რატომ მოხდა ? არავინ დაინტერესდა და არ გააკეთა სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ თვითმფრინავში იყვნენ. რატომ იყო შერჩული ეს შემადგენლობა?რატომ მოჰყავდა პოზნერს ისინი აქ? ერთერთი, ვინც იქ იჯდა, იყო დავიდოვიჩი, ერთერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. ვიმეორებ, ამ თვითმფირნავში ისხდნენ ისრაელის, საფრანგეთის, ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც შეესწრნენ ამ ზოოპარკს, რომლის მოწმენიც იმ ღამეს თბილისში გავხდეთ. ეს მიზანმიმართული იყო. რისთვის გააკეთეს ეს პოზნერმა და ხოშტარიამ, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი: 1. საქართველოს, როგორც ცივილიზებული ქვეყნის დისკრედიტაცია, რადგან რისი მომსწრენიც გავხდით, არის ზოოპარკი. ის , რასაც ჩვენ იმ ღამეს ვუყურეთ, ავი სულების იმ შაბაშს, მთელმა მსოფლიომ ნახა. ყველა საინფორმაციო გამოშვებამ აჩვენა ის, რაც თბილისში ხდებოდა. გარდა ამისა, ეს ნახეს ადამიანებმა, რომლებსაც საქართველოს წინაშე არანაირი დანაშაული არ აქვთ. შედეგად, მივიღეთ რუსეთში საშინელი კამპანია, რომ საქართველოში ჩამოსვლა არ შეიძლება. ტურისტული სეზონი იწყება. ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო დღეს ანექსირებული ყირიმის ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეა. ყირიმში რუსეთს ტურისტული ნაკადები სჭირდება იმისათვის, რომ ის ადგილი შეინახოს. ერთი ჩეკისტი პოზნერის გამო მოხდა ეს. შედეგს დავითვლით ძალიან მალე, მოვა მაისი, ივნისი, ივლისი, შევხედავთ – რა რაოდენობის ტურისტი მოდიოდა ამ ეპიზოდამდე და რამდენი ჩამოვა ამ ეპიზოდის შემდეგ“, – განაცხადა ხაინდრავამ.
ცნობისთვის, 1-ელ აპრილს რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი, პოზნერი თბილისში დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო, საპროტესტო აქციები სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გამართეს. პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი დაგეგმილზე ადრე დატოვეს.