„სატრანსპორტო სფერო მეორე კატეგორიის რისკჯგუფად უნდა დასახელდეს, მძღოლები ვაქცინაციის პროცესში უნდა ჩაერთონ“ – ირაკლი იზორია

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული ადამიანები მეორე კატეგორიის რისკჯგუფად უნდა დასახელდნენ და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ. ამის შესახებ იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პანდემიამ როგორც ყველა სექტორს, ისე სატრანსპორტო სექტორსაც პრობლემები შეუქმნა. ვიცით, გამძლავრებულია ვირუსის შემოტევა.

შესაბამისად, ჩვენ, სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები ვითხოვთ, რომ ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული ადამიანები მეორე კატეგორიის რისკჯგუფად დასახელდნენ და ისინი აიცრან. აცრა შეიძლება, ნებაყოფლობითი იყოს, თუმცა, აუცილებელია, ქვეყანა ამ მიმარულებით წავიდეს. იხსნება საზღვრები, ახლდება საავიაციო მიმოსვლები, ასევე, სარკინიგზო მიმოსვლები, ყველგან ჩართულები არიან მძღოლები. აუცილებელია, რომ ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულები რისკ ჯგუფად შეფასდნენ და ამ ადამიანების აცრით უზრუნველყოფა მოხდეს. მივბაძოთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ და ევროპის ბევრ ქვეყანა, სადაც სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები მეორე კატეგორიის რისკჯგუფად აღიარეს.
პირველ ყოვლისა, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა და იქ დასაქმებული ადამიანები უნდა დავასახელოთ. მძღოლებთან ერთად აუცილებელია, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებიც აიცრან, ვინაიდან ყოველდღიურად ასეულობით ადამიანთან აქვთ შეხება. ასევე აუცილებელია, ტაქსის მძღოლებიც აიცრან.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სატრანსპორტო სექტორი მეორე კატეგორიის რისკჯგუფად დაასახელოს და ამ სფეროში დასაქმებულების აცრით უზრუნველყოფა მოხდეს“, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციას მძღოლებთან საუბარი ჰქონდა. როგორც იზორია აცხადებს, აცრის სურვილი ბევრ მძღოლს აქვს.

„მძღოლებთან, სატრანსპროტო სექტორის წარმომადგენლებთან გამოკითხვები გვქონდა და მათ აქვთ აცრის სურვილი. ხშირ შემთხვვეაში ამბობენ, რომ ეს აუცილებელიცაა, რადგან ბევრ ადამიანთან აქვთ კონტაქტი და შეიძლება, ვირუსის გადამტანები გახდნენ. მზაობა არის, ბევრი გამოხატავს სურვილს, ვაქცინა გაიკეთოს.
რიგ ქვეყნებში ტრანსპორტში, პირბადის გარდა, დაცვის სხვა დამატებითი საშუალებებიცაა, მაგალითად, ავტობუსებში სანიტაიზერებია მიმარგებული. ჩვენ ეს მიმართულება არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ პირბადეები. დისტანცირება პრობლემაა, პიკის საათებში ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადატვირთულია, შესაბამისად, უფრო მაღალი რისკის შემცველია ახლო კონტაქტში იმყოფებოდე ადამიანთან. გამოწვევად რჩება ის, რომ ავტობუსის მოლოდინის რეჟიმის დრო შემცირდეს და უფრო ხშირად მოდიოდეს ავტობუსი, რათა მგზავრებით არ გადაიტვირთოს“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები