საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ მიღებული რეზოლუციის თანაავტორი და მთავარი სპონსორია
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ – Global Media and Information Literacy Week, რომლის თანაავტორი და მთავარი სპონსორი საქართველოა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღიშნულ რეზოლუციაში განხილულია არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული გზები, მათ შორის, პანდემიის პირობებში და ყურადღება გამახვილებულია სოციალური ქსელების როლზე აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით.
“რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და აღნიშნულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცვის აუცილებლობა. ყურადღება ასევე გამახვილებულია ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის გზით ინფორმაციის სწორი შეფასების საკითხში ცნობიერების ამაღლების როლზე. ამ პრობლემატიკასთან გამკლავებისთვის მიზნით ნახსენებია როგორც თითოეული ქვეყნის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გატარების და ერთობლივი თანამშრომლობის, ასევე, კერძო სექტორისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა. აღნიშნული რეზოლუციის მიღების შედეგად, მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კვირეული ყოველწლიურად 26-31 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება. საყურადღებოა, რომ საქართველოს მხრიდან რეზოლუციის ინიციატორ ქვეყნებს შორის ყოფნა ხაზს უსვამს საქართველოსთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობასა და მედიათავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრიორიტეტულობას”,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.