მდინარაძე ვოლსკის უცენზურო ჟესტზე: როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ, ძნელი მოსათმენია
არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო თქვას თავად გია ვოლსკიმ, თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც გია ვოლსკის მიერ აქტივისტებისთვის შეურაცხმყოფელი ჟესტის ჩვენებას შეეხებოდა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ის არავის ამართლებს, თუმცა, როცა „რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ დაორგანიზებული აქციიდან მონას გეძახიან, რთული მოსათმენია“.
“ჩვენ ყველას გვაქ თმენის ვალდებულება, გიორგი ვოლსკისთანაც გექნებათ საშუალება ჩაწეროთ კომენტარი. არ მგონია, რომ კარგი რამ გავაკეთეო თავად გიამ თქვას, თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. მე არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას, ან გამტყუნებას, მაგრამ როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ და აღარ მინდა დეტალებში ჩასვლა, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგემემილია და სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა ამ ყველაფერს, შეიძლება შენ გულწრფელიც კი იყო ამ ყველაფერში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია” – ამბობს მდინარაძე.