რუსუდან თევზაძე: გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება, ვფიქრობ, რომ დროულია და პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად სასარგებლო

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, სენატში გამართული მოსმენისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი, რუსუდან თევზაძე ,,კვირას” ესაუბრა.

მისი შეფასებით, გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება დროულია და პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად სასარგებლო.

რას იტყვით სენატში გამართულ მოსმენაზე და როგორ აფასებთ დღეს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში?

სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა მრავალმხრივი და კომპლექსური გახლდათ. პოლიტიკური პროცესების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები ყველამ თავისებურად გაიგო და, შესაბამისად, გამოიკვეთა ანალიზის პოზიციური და ოპოზიციური რაკურსი.

ვფიქრობ, რომ სენატის მოსმენა, თავისი არსით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და, რაც უმთავრესია, გამსჭვალულია საქართველოსთვის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის სურვილით. ეს უნდა იყოს გენერალური მიზანი ყველასთვის განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა.

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, აუცილებელია, რომ სენატის მსჯელობა გააზრებული და გაზიარებულ იქნას. აღარც დრო იცდის და აღარც გარემოებები გვიწყობს ხელს. რადიკალიზმი თანაბრად დაუშვებელია და მიუღებელი ნებისმიერი მხარისგან. ქართული პოლიტიკური ველი ვეღარ აიტანს ოპოზიციის მხრიდან თავზეხელაღებულ რადიკალიზმსა და დესტრუქციას, უბრალოდ, ჩვენი მოსახლეობა ძალიან დაიღალა პოლიტიკური კინკლაობითა და ძიძგილაობით და სახეზე მყოფი არაპოლიტკორექტული მოქმედებებით, რაც, პირველ ყოვლისა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და უარყოფითდ მოქმედებს მათ სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე.

რას ფიქრობთ გახარიას გადადგომაზე და ახლა უკვე მის დაბრუნებაზე, რამდენად რეალურია და როგორ შეიძლება, შეიცვალოს პოლიტიკური ველი?

პირველ ყოვლისა, ბატონი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით გიპასუხებთ. პირადად ჩემთვის მისი გადადგომა არ ასოცირდება გუნდური თამაშის რღვევასთან და, მით უფრო, ღალატთან, რაზეც ბევრი ითქვა და დაიწერა კიდეც. იმის ფონზე, რომ ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ევროინტეგრაციის გზას და პატივს ვცემ ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, გახარიას გადადგომა იმ დროსა და სივრცეში ცალსახად სახელმწიფოებრივი ნაბიჯი იყო. ამის შესახებ ამერიკელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს და გახარიას გადადგომა ჯეროვან მოქმედებად შეაფასეს – ეს იმიტომ, რომ, მათი აზრით, რასაც სრულიად ვიზიარებ, ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების კარგი პრევენციული ღონისძიება.

პოლიტიკური პოლარიზაცია ვახსენე და სწორედ აქედან გამოვალ და გეტყვით, დღეს, სამწუხაროდ, კვლავ უკიდურესად პოლარიზებულია ჩვენი პოლიტიკური სივრცე, რაც უპასუხისმგებლო ოპოზიციის დამსახურებაა, რომელთაც ვერ დააფასეს და შეაფასეს საკუთარი ელექტორატის თავისუფალი არჩევანი და ერთი ნაციონალური ქოლგის ქვეშ მყოფნი დაჟინებით ეწევიან დესტრუქციულ პოლიტიკურ ცხოვრებას, ქვეყნის სახელმწიფოებრივ დისკრედიტაციას.

ამდენად, ვფიქრობ, რომ, ზოგადად, ვინც  უნდა იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ალტერნატიული კონსტრუქციული და ჭეშმარიტი ოპოზიციური გაერთიანების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, რომელიც ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს მმართველ ხელისუფლებას, რაც მათთვისაც მისაღები უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში – მე ასე ვხედავ.

ასე რომ, გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება, ვფიქრობ, რომ დროულია და სასარგებლო პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ გახარია გახლავთ მაღალი კლასის წარმატებული მენეჯერი, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის ღირსეული ფასეულობებით ოპერირებდა პოლიტიკურ ველზე. ნიშანდობლივია, რომ, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, ის მაინც ქმედითი გახლდათ. ეს ალბათ იმიტომ, რომ მას ყოველთვის გააჩნდა რაციონალური მედეგობაზე დაფუძნებული მკაფიო რეფორმების აჯენდა.

და თუ ეს ყველაფერი კვლავ გამეორდება მის ახალ პოლიტიკურ ასპარეზზე, ვფიქრობ, რომ ჩვენს პოლარიზაციას საბოლოოდ დავამარცხებთ. დღეისათვის არსებული ორპოლუსიანობის რღვევა რომ აუცილებელია, ამას სულ უფრო მკაფიოდ გრძნობს მთელი ქართული საზოგადოება. იქნება თუ არა ალტერნატიული პოლიტიკური პოლუსის სათავეში ყოფილი პრემიერმინისტრისა და საკმაოდ რეიტინგული ქართველი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური პარტია, ამას დრო გვანახებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები