ვირჯინია ვულფი: არ არსებობს საკეტი და ბოქლომი, რომელსაც ჩემი გონების თავისუფლებას დაადებთ
დღეს შესრულდა 80 წელი ვირჯინია ვულფის გარდაცვალებიდან, როცა მან საკუთარი ნებით თავი მდინარეში დაიხრჩო. ამ შემთხვევის გამო ლონდონის მყუდრო გარეუბანი როდმელი და მდინარე უზი მსოფლიოში ყველამ დაიმახსოვრა. აქ დგას ცნობილი „მანგკს ჰაუსი“, ვირჯინია და ლეონარდ ვულფების სააგარაკო სახლი, სადაც ახლა მუზეუმია გახსნილი…
ვირჯინია ვულფის სახელი და მითუმეტეს წიგნები, საბჭოთა ეპოქის მკითხველთვის თითქმის მიუწვდომელი იყო. მაშინ მხოლოდ რუსულ ჟურნალებში „ანგლიაში“ ან „ამერიკაში“ თუ ამოიკითხავდით რაღაც ინფორმაციას მის შესახებ. ვულფის ნაწარმოებები ქართულად იმხანად ნათარგმნი არ ყოფილა. გამომცემლობა „ნაკადულის“ მიერ 1988 წელს დაბეჭდილი მისი ესეების კრებული ნამდვილი აღმოჩენა გახდა ქართველი მკითხველისთვის, რასაც უნდა ვუმადლოდეთ ბატონ პაატა და როსტომ ჩხეიძეებს, რომლებმაც შესანიშნავად თარგმნეს ვულფი.
ლონდონში ვირჯინია ვულფის სახელს ბევრი რამ უკვდავყოფს. მის ბიუსტს იხილავთ ლონდონის პორტრეტების გალერიის მუდმივ ექსპოზიციაში, ასევე ბიუსტები დგას ტავისტოკ სკვერზე და მწერლის საფლავზე როდმელში. მის მემორიალურ დაფებს ნახავთ: კენსინგტონში, ფიცვორიაზე, ბლუმსბერის მოედანზე, რიჩმონდში. ყველაზე შთაბეჭდავი და მეტყველი მაინც როდმელის სახლ–მუზეუმია, სადაცვირჯინიას კუთვნილი უამრავი ნივთი და არტეფაქტია დაცული.
დღეს ვერავინ იანგარიშებს ვირჯინია ვულფის უზარმაზარ გავლენას, რაც მან თავის შემდგომ მსოფლიო ლიტერატურაზე მოახდინა. ვულფი თანაბრად ძლიერია მოთხრობის, რომანისა თუ ესეისტიკის ჟანრში, რომლებიც თავს სამუდამოდ გამახსოვრებენ. დროდადრო კი გიჩნდება სურვილი, მიუახლოვდე წიგნის კარადას, გადმოიღო მისი ესა თუ ის წიგნი და ხელახლა მოინდომო ერთხელ წაკითხულის და მერე სამუდამოდ დამახსოვრებული ადგილის გადაკითხვა…
ცნობილია, რომ ვირჯინია ვულფი აღფრთოვანებული იყო უბადლო ინგლისელი ესეისტის მაქს ბიირბომის(1872–1956) ნაწერებით. ვულფი თავის ესეში „თანამედროვე ესეი“ მიმოიხილავს ამ ჟანრის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ინგლისურ მწერლობაში (1870–1920 წლები), ბიირბომს უპირველეს ადგილს მიუჩენს ათეულობით ავტორს შორის და მას ესეისტიკის პრინცად მოიხსენიებს:
„თქვენ მის ესეებს ვერ მოეშვებით, წაკითხვის მერეც ვერ მოეშვებით, ისევე როგორც მეგობრობა არ თავდება იმით, რომ გამომშვიდობების ჟამი დგება“.
ვირჯინია ვულფის მთელი შემოქმედება და განსაკუთრებით რომანები: „გამგზავრება“(1915), „ღამე და დღე“(1919), „ორშაბათი თუ სამშაბათი“(1921), „ჯეკობის ოთახი“(1922), „მისის დოლოუეი(1925), „შუქურისაკენ“ (1927), „ორლანდო“(1928), „საკუთარი ოთახი“(1929), „ტალღები“(1931), „უეცარი მოქცევა“ (1933), “წლები“(1937), „მოქმედებებს შორის“ (1941) სწორედ ამგვარად შეულეველი, მოქმედი და შემატორტმანებელი ლიტერატურაა.
მართალია, იგი მეოცე 20 საუკუნის გამოჩენილი მწერალია, მაგრამ 21-ე საუკუნეში უფრო დიდი ჩანს…
შარშან მოქანდაკე ლორი დიზენგრემელს ვირჯინია ვულფის ახალი სკულპტურის შექმნის სურვილი გაუჩნდა, რადგან ლონდონში არ დგას ქანდაკება, რომელიც სრული სხეულით გამოსახავს მწერლს. მან შექმნა და საზოგადოებას წარუდგინა ბაღის სკამზე ჩამომჯდარი ნატურალური ზომის მოდელი. სკულპტორის ნამუშევარმა მოწონება ჰპოვა და უმალ შეიქმნა ფონდი, რომელმაც 50 ათასი ფუნტი უნდა შეაგროვოს ქანდაკების ბრინჯაოში ჩამოსახმელად (ჯერჯერობით ძეგლის მხოლოდ კომპიუტერული ვერსია არსებობს). თანხის 70 პროცენტი უკვე შეიკრიბა. იმედოვნებენ, რომ დარჩენილიც მალე შეგროვდება და წლის ბოლომდე შესაძლებელი გახდება ვირჯინია ვულფის მემორიალური ქანდაკების დადგმა რიჩმონდში, სადაც იგი ათი წლის განმავლობაში (1914–1924 წლებში) ცხოვრობდა.
„შეგიძლიათ საიმედოდ გამოკეტოთ თქვენი ბიბლიოთეკები; მაგრამ არ არსებობს კარიბჭე, არ არსებობს საკეტი და ბოქლომი, რომელსაც ჩემი გონების თავისუფლებას დაადებთ“ – ვირჯინია ვულფის მარტო ეს სიტყვები რომ შემორჩენოდა კაცობრიობას, ამითაც იამაყებდა, რადგან თავისუფლებაზე ძვირფასი განძი ადამიანთა მოდგმას არ მოეპოვება.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან