ტასო (ანასტასია) აბაშიძის 140 წლის იუბილე და თეატრის საერთაშორისო დღე

27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღე ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება. ამ დღეს განსაკუთრებით ულოცავს სიღნაღის თეატრს და უსურვებს პანდემიის გამო იძულებით შეჩერებული თეატრალური სეზონის კვლავ განახლებას… შემდეგ ტასო (ანასტასია) აბაშიძეს იხსენებს, რომელსაც 29 მარტს 140 წელი შეუსურლდებოდა.
„ქართული პროფესიული თეატრის ცნობილ სახეს, სახალხო არტისტს, ტასო (ანასტასია) აბაშიძეს 29 მარტს 140 წელი უსრულდება დაბადებიდან. ორი დიდი თეატრალური მოღვაწის, მაკო საფაროვა-აბაშიძისა და ვასო აბაშიძის ქალიშვილი მშობლებს არ ჩამორჩა და ცხოვრება თეატრს დაუკავშირა.

250 როლი ითამაშა ტასო აბაშიძემ რუსთაველის, მარჯანიშვილის, ჭიათურისა და ქუთაისის თეატრების სცენაზე. მშობლებისგან გამოყოლილი სცენის სიყვარული და ნიჭი ქართულ თეატრს შეალია. ილია ჭავჭავაძე წერდა დედის, მაკო საფაროვას შესახებ: სიტყვის მკაფიო გამოთქმა, ქ-ნ საფაროვისა შეუდარებელიაო…

ყველასათვის ცნობილი მაშინდელი მეცენატები მართლაც არ იშურებდნენ ფულს და უყოყმანოდ სწირავდნენ, თუმცა ზოგიერთებისათვის ათასჯერ თხოვნა იყო საჭირო…კოტე მესხი იგონებს: „მე და ვასო აბაშიძე დიდ….. ვეახელით . თეატრისათვის ფულის სათხოვნელად (1882 წ, სპექტალ „სამშობლოს” დადგმისათვის). „მან” ვასოს უთხრა:„შენ ის არა ხარ, გუშინ სცენაზე რომ ხტოდი, ახლაც შეხტი, შეიკუნტრუშე და მოგცემთო. ვასოს ცეცხლი წაეკიდა, ბრაზი მოაწვა…მე გადავუჩურჩულე, შენც ადექი, შეხტი და შეიკუნტრუშე, რას კარგავ, სამაგიეროდ თეატრისათვის ფული გვექნება მეთქი. „მან” ბევრი იხითხითა და ბოლოს საკმაო თანხა გადმოგვიგდო”…