ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთს არავინ ეკითხება, საქართველო რა გზით განვითარდება, რა გზას აირჩევს და რომელ ალიანსში გაწევრიანდება
“რუსეთს არავინ ეკითხება, საქართველო რა გზით განვითარდება, რა გზას აირჩევს და რომელ ალიანსში გაწევრიანდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიზანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში არანაირი წინსვლა და პროგრესი არ იყოს.
„რაც შეეხება რუდენკოს განცხადებას, ჩვენთვის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. ვიცით, თუ რა პოზიცია აქვს რუსეთს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. რუსეთს არავინ ეკითხება, საქართველო რა გზით განვითარდება, რა გზას აირჩევს და რომელ ალიანსში გაწევრიანდება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. რუსეთის მიზანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში არანაირი წინსვლა და პროგრესი არ იყოს. სამწუხაროდ, ისინი ამას ახერხებენ. ამ ფორმატში ვართ, რადგან ერთადერთია, სადაც მონაწილეობს ეუთო, გაერო, ევროკავშირი, ამერიკა, ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ფორმატში მოლაპარაკებები გაგრძელდეს იმის მიუხედავად, რომ, სამწუხაროდ, პროგრესი ჯერ არ არის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში განაცხადა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.