“ასეთი ფორმალური ცვლილებები, რომელსაც დღეს ვენეციის კომისია გვთავაზობს და ხელისუფლება იზიარებს, ქვეყანაში გარკვეულ ცვლილებებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული არ არის, ეს უფრო პოლიტიკურ შესაბამისობაზეა მორგებული”, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოს განვითარებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაკაბაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა.
„რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით შედის ძალაში: ძირითადად, 4 ცვლილებაა, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით იქნა გაზიარებული. ყველაზე თვალშისაცემია ღია კენჭისყრა, რომელიც, მე მგონი, ძალიან სერიოზულ კითხვებს იწვევს. საერთოდ, ღია კენჭისყრასთან დაკავშირებით რატომ უნდა ყოფილიყო არჩევანი გაკეთებული? მეორე ცვლილება გასაჩივრების უფლებაა – მოსამართლეებს არარჩევის შემთხვევაში საშუალება აქვთ, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გასააჩივრონ. შერჩევის წესი რჩება ისეთი, როგორიც იყო – ქულების მიხედვით ხდება მოსამართლეების შერჩევა. რაც მთავარია, გადაწყვეტილება, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს, დასაბუთებული უნდა იყოს.
დავიწყოთ პირველით, რომელიც ჩემთვის გაუგებარია. თავის დროზე, ვენეციის კომისიამ ქვეყანას სწორედ ფარული კენჭისყრის რეკომენდაცია მისცა, მოსამართლეების შერჩევა ფარული წესით უნდა მომხდარიყო. პატარა ქვეყნის სპეციფიკიდან, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად იყო მორგებული შერჩევის უფრო სამართლიან და სწორ წესს. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას არა მარტო ნაცნობი და კოლეგაა, შეიძლება, ნათესაური, მეზობლური ან სხგვაგვარი კავშირები არსებობდეს. საერთოდ, ასეთ პატარა ქვეყანაში ძნელია, ღია კენჭისყრით აირჩიო ადამიანი, ვისზეც ფიქრობ, რომ ღირსია, იყოს მოსამართლე.
ვიმეორებ, ასეთი ფორმალური ცვლილებები, რომელსაც დღეს ვენეციის კომისია გვთავაზობს და რომელსაც ხელისუფლება იზიარებს, არ არის ორიენტირებული ქვეყანაში გარკვეულ ცვლილებებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ეს არის მორგებული უფრო პოლიტიკურ შესაბამისობაზე. ამან შეიძლება, სერიოზულად ვერაფერი გააფუჭოს სასამართლოში, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტების ამგავრი მიდგომა პრობლემაა როგორც ჩვენი სასამრთლოებისთვის, ისე, მთელი ქვეყნისთვის. ეს ძალიან ცუდად მეტყველებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე. ვხედავთ, ერთი და იგივე კომისია რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ უნდა იყოს ფარული კენჭისყრა, დღეს ამბობს – ღია კენჭისყრა უნდა იყოსო, იქვე აღნიშნავს, ღია კენჭისყრა იმიტომ უნდა იყოს თქვენს ქვეყანაში, რომ იქ პოლიტიკური გარემოა სხვანაირიო. გვმართებს, დავფიქრდეთ, ეს რა რეკომენდაციებია. ერთი და იგივე ორგანიზაცია ერთ დღეს ამ რეკომენდაციას გაძლევს, მეორე დღეს – სხვა რეკომენდაციას. რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში მუშაობს ეს? ხომ უნდა ეწეროს, რომელი ქვეყნის მაგალითით ისარგებლა ვენეციის კომისიამ? მგონი, ასეთი რეკომენდაცია არც არავისთვის გაუციათ, არ ვიცი რომელიმე დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ღია კენჭისყრით შეიძლება, ხდებოდეს მოსამართლის არჩევა“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ის მანკიერი მხარეები, რომლებიც დღევანდელ სასამართლოს აქვს შემორჩენილი, არის არა კლანური მმართველობის შედეგი, არამედ – მძიმე მემკვიდრეობის.
„ვფიქრობ, ეს ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც ტერმინ „კლანს“ მოერგნენ, ძალიან სერიოზულ შეცდომასა და დანაშაულსაც ჩადიან, როცა საასამართლოს ასეთი კუთხით მოიხსენიებენ. ეს არ არის იმ მოცემულობის შეფასება, რაც რეალობაა. ჩვენ ვიცით წინა ხელისუფლების დროს მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0, 001 % იყო. მაშინც კი ის ადამიანები, ვინც ხელისფლების ოპოზიციაში ვიყავით, ვამბობდით, რომ სასამართლო ნოტარიუსის ფუნქციის მქონე იყო, ვერ ახერხებდა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის შეცვლას, ბრალს განაჩენში copy- paste -ით გადაიტანდა ხოლმე. ეს იყო სისტემური პრობლემა და არა – სასამართლოს პრობლემა. დღეს პოლიტიკოსებს უნდათ, დაგვანახონ, რომ, თურმე, ის პრობლემები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და დღესაც მათი ნაწილი სასამართლოს მოსდევს, კლანური მმართველობის შედეგია. ეს მაშინ, როდესაც დღეს გამამართლებელი განაჩენები 30 % და უფრო მეტია. აქედან გამომდინარე, თუ ეს სასამართლოს ბრალეულობა იყო, რატომ ხდებოდა, რომ იგივე მოსამართლეები მაშინ 0, 001% გაამამართლებელ განაჩენს ვერ იღებდნენ, დღეს კი 30 % -ზე მეტს იღებენ? აქედან გამომდინარე, კლანური მმართველობა აქ აბსოლუტურად შეუსაბამოა. უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ სისტემაზე. ის მანკიერი მხარეები, რომელიც დღევანდელ სასამართლოს აქვს შემორჩენილი, არის არა კლანური მმართველობის შედეგი, არამედ – იმ მძიმე მემკვიდრეობის, რომელიც სასამართლოს წილად ერგო.
ვიხსენებ 90-იანი წლების ბოლოს, როცა აქ ეუთო-ს, ევროსაბჭოს ექსპერტები, სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეები იყვნენ ჩამოსულები. როცა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობდით, მათ მაშინ გვითხრეს, თქვენ, ქართველებმა არ უნდა შეიქმნათ ილუზია, რომ როგორი კარგი ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს, უახლოეს 30-50 წლის განმავლობაში, შეძლებთ, მიიღოთ სრულიად დამოუკიდებელი, სრულყოფილი სასამართლო იმიტომ, რომ ჩვენს სასამართლოებს 100 წელი დასჭირდათ, რათა მყარი თავისუფლების პირობებში, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოები , ჩამოყალიბებულიყვნენო. როცა დღეს ეს ვაიპოლიტიკოსები სასამართლოს სხვადასხვა მიმართულებით აფასებენ, ესეც უნდა იქნას გათვალისწინებული, თუ რა პერიოდის განმავლობაშია დამოუკიდებელი სასამართლო. მე ვიტყოდი, რომ ეს ბოლო წლები, 7-8 წელი არაა საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლომ სრულად შეძლოს იმ ფუნქციის შესრულება, იმ ტვირთის ზიდვა, რომელიც როგორც ხელისფლების ერთერთ შტოს, ადევს”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელების მიზნით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგი გუშინ გამართა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში არსებული საკითხების დახვეწა და კიდევ უფრო გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდმა, ჩვენი პატრნიორების მხარდაჭერით, 2019 წელს განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილება, რამაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ, ხანგრძლივი პროცედურებით წარმართვა. შედეგად, უზრუნველყოფილი იყო საზოგადოების მიერ ამ პროცესისათვის მონიტორინგის გაწევა.
ამასთანავე, ჩვენ ვითანამშრომლეთ ვენეციის კომისიასთან პროცედურების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც დავაინიცირეთ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში.
ჩვენი მიზანია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, გავაგრძელოთ სასამართლო სისტემის რეფორმირება მეტი გამჭვირვალეობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დაინიცირებული ცვლილებებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:
„გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ.
მეორე, საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევასა და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს „სარეიტინგო სიის“ ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.
მესამე, ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს.
და ბოლოს, წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლილებების განხილვას ორშაბათიდან დაიწყებს.