„კისერზე კანაფით დაკიდებული ამეთვისტო“ – გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღე
26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა, მას 82 წელი შეუსრულდა.
„26 მარტი – იმ პიროვნების დაბადების დღეა, ვინც მუდამ გვახსენებს, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“. ვულოცავთ ბატონ გურამ დოჩანაშვილს“, – ასე ულოცავს მწერალს დაბადების დღეს ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი ლალი ურდულაშვილი და ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრ „აგორას“ ფეისბუქის გვერდზე თავის წერილს აქვეყნებს.
გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ სახისმეტყველური გააზრებისათვის
ბევრი თქმულა და ბევრი დაწერილა… კიდევ ბევრს ჩააფიქრებს გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ და არაერთგვაროვნად გაააზრებინებს მწერლის მთავარ სათქმელს. ჭეშმარიტად ღირებული ლიტერატურის არსიც ხომ ესაა. ჩვენ, მკითხველნი, ყოველ დიდ ნაწარმოებში ჩვენსავე აზრებს ვეძებთ და ვპოულობთ. ასეა ამ შემთხვევაშიც.
გ. დოჩანაშვილის ეს რომანი არაერთი ლიტერატორისა და კრიტიკოსის ინტერესის საგნად იქცა მისი გამოქვეყნების დღიდან. ძირითადი ყურადღება ექცევა ბიბლიური პლასტების წარმოჩენას ნაწარმოებში და მთავარი პერსონაჟის გაერთმთლიანებას ღმერთთან და, ზოგადად, სამყაროსთან. ამასთან ერთად, ძალზე საინტერესოა სახისმეტყველური გააზრება ცალკეული ადგილებისა, რომლებიც თავისი რაფინირებულობით, დახვეწილი ესთეტიკური რაკურსით შთამბეჭდავსა და ძნელად დასავიწყებელს ხდის მას.
სიყვარულის კაქტუსი – ამ საოცარი შესიტყვებით გადმოიცემა ის მძლეთამძლე გრძნობა, რომელიც დედამიწას ატრიალებს და ღვთაებრივ და ადამიანურ სინერგიად კონცენტრირდება ცენტრალური გმირის არსებაში. რომანი სახარებისეული უძღები შვილის იგავით არის ნასაზრდოები. შვილი – მშობლის მემკვიდრე – მამის სიმდიდრით ზურგდამძიმებული, მიდის მშობლიური სახლიდან, რათა მოვლოს ხმელეთი და თვით ამქვეყნიური ჯოჯოხეთიც მოინახულოს.
მამის სახე რომანში ორპლანიანია. არა მხოლოდ რეალური, ბიოლოგიური მამის ხატებაა ის ლაქა, რომელსაც დომენიკო ხედავს თავს ზემოთ, ეს არის სახე-ხატი, ხატება შემოქმედი ღვთიური მამისა, რომელიც ბიოლოგიური მამის სახედ ასოცირდება გმირის წარმოდგენაში. ის მუდამ ჟამს თან დაჰყვება რომანის მთავარ პერსონაჟს.
საგულისხმოა, რომ მამა დომენიკოს სამჯერ აძლევს სამოსელს. დამაფიქრებელია, რომ სამოსელი ერთია, მაგრამ სამსახოვანი. პირველად იგი სიცოცხლის სახით უბოძა თავის შვილს (ბიბლიურად ღმერთმა შთაბერა სული ადამს), მეორედ მამამ თავისი ქონება სრულად გადასცა დომენიკოს და მიანიჭა მისი განკარგვის უფლება (ასევე ღმერთმა უბოძა თავისი შექმნილი ქვეყანა ადამიანს), ხოლო მესამედ – გულზე დაჰკიდა მოციაგე ამეთვისტო, რომელიც, ვფიქრობთ, სახისმეტყველურად არის სიმბოლო ქრისტიანული ჯვრისა.
ეზოთერული აზრით, ამეთვისტო არის ღვთიური სიყვარულის მატარებელი, რომელიც სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს მფლობელს და სამყაროს ღვთიური საწყისის გააზრებაში ეხმარება.
ცხოვრების უმძიმეს მომენტებში სასოწარკვეთილი გმირისთვის ზემოდან მზირალი ლაქა, ვფიქრობთ, ღმერთის სახე-ხატია, ხოლო მოციაგე ამეთვისტო, რომელსაც სამეუფოს უწოდებს მწერალი, არის ქრისტიანული ჯვარი თავისი შინა-არსითა და საკრალური მნიშვნელობით. ჯვარსახოვანი ცხოვრების სახე–სიმბოლოა თავად მგზავრი – ერთდროულად მუდამ თანმხლები ღვთიური სახებისკენ თვალმიპყრობილი და მიწიერ ცოდვათაგან მიწამდე დაზიდული.
როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია შენიშნული, გმირმა იმოგზაურა სამივე სკნელში – დაეშვა მაღალი სოფლიდან, რომელიც, შესაძლოა, სულიერების უმაღლეს საფეხურს განასახიერებდეს. იქ დომენიკო თავად იყო სუფთა და უბიწო, შემდეგ ის მიდის შუა სკნელში – ლამაზ ქალაქში (რეალურად ამქვეყნიურ ცხოვრებაში), იქიდან კი ეშვება ქვესკნელში – ჯოჯოხეთის გეენიაში (კამორაში), რათა თითქმის სიკვდილს ნაზიარები კვლავ აღდგეს და სულიერად ფერშეცვლილი, განწმენდილი და ამაღლებული, დაუბრუნდეს პირველ სამყოფელს – მამას, ორსახოვანს,– მშობელსა და სამყაროს შემოქმედს, ყოვლად მოწყალესა და სამოცდაათჯერ შვიდგზის ცოდვათა მიმტევებელს. ამას კი ახერხებს დომენიკო იმ ფიზიკური გვემით, შიმშილითა და არაადამიანური შრომით, რასაც ღორების მწყემსვა ჰქვია. ის ზეადამიანური ძალისხმევით უძლებს ხორციელ ტკივილებს, რათა ამ უსაშველო ტკივილიდან იშვას სრულიად ახალი პიროვნება. უდიდესი ნებისყოფის ფასად ის ამარცხებს საკუთარ ხორციელ – ადამიანურ სურვილს – დანაყრდეს ცხელი კერძით, რაც მის სულიერ დაღუპვას მოასწავებს.რომანის ეს პასაჟი ქმნის ალუზიას ვაჟა–ფშაველას „ალუდა ქეთელაურთან“, სადაც ალუდა სიზმარში ხედავს კაცის წვენ-ხორცით შეზავებულ წვნიანს, რომლის მიღებასაც მას აიძულებენ. ალუდა ზიზღით შეექცევა შეთავაზებულ კერძს და გუნებაამღვრეულია ამის გამო. მისი სულიერება უკვე სხვა საფეხურზეა თანატომელებთან შედარებით. დომენიკოს ყოფნის შინაგანი ძალა დაითმინოს უკიდურესი შიმშილი და სულიერად განწმენდილი, მაგრამ ფიზიკურად დაშრეტილი, დამსახურებულად შეეფაროს მამის თბილ წიაღს, გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით, აღმოაჩინოს ხელახლა საკუთარი მე.
დომენიკო მამისგან იღებს ამეთვისტოს, როგორც ერთადერთ შეუცდომელ ცხოვრებისეულ ორიენტირს და იცის, რომ მან იგი პატივით, სიმდაბლითა და რუდუნებით უნდა ატაროს ბოლომდე, დომენიკომ უკვე იცის, რომ, როგორც გურამიშვილი იტყოდა, მან უნდა „სულსა ულოცოს, უწიროს“ . მამამ უწყის და, ალბათ უკვე დომენიკომაც, რომ „ჯვარი, რომელსაც მოიხსნი და მიაყუდებ, არ არის ჯვარი, ჯვარი ის არის, სულ რომელიც უნდა ატარო“, ნიშნად ღვთაებრივი მფარველობისა და მორჩილებისა. მამა ეუბნება დომენიკოს, რომ სამოსელი პირველი არის სიტყვა.
ქრისტიანული სახისმეტყველებით სიტყვა – იგივე ლოგოსი, მამისგან ამქვეყნად მოვლინებული, განკაცებული ღმერთია, რომლის სიმბოლური განსახოვნება დედამიწაზე არის ჯვარი, ხოლო კისერზე კანაფით დაკიდებული ამეთვისტო სწორედ სიმბოლური ჯვარია, სულიერი ნათლისა და შეუწველი მაყუალის საკრალურობის ტოლფასი.
„ნურაფრის გეშინია“– სამყაროული ძლევამოსილებით ჩაესმის დაჩოქილ დომენიკოს მამის სიტყვები, მამისა, რომელმაც უთქმელადაც კარგად უწყის, რაც თავს გადახდა დაკლაკნილ გზებზე. მამა სახელად დომენიკოს არქმევს თავის უძღებ შვილს სიტყვიდან: „დომინუს, დომინიონ, დომენ“… და დომენიკოც, მარად ახალი მდინარის პირას მჯდარი, სიბრძნით სავსე და კვლავ უამრავი პერიპეტიის მომლოდინე, დაფიქრებული გასცქერის მდინარის გაღმა ნაპირს. თავისთავად ამ ფაქტსაც სახისმეტყველური დატვირთვა აქვს. მდინარის ზვირთთა დინება ცხოვრების გაგრძელებას ნიშნავს, ხოლო სამეუფო ჯვარ-ამეთვისტო ღვთიური მადლის ტარებისა და ღვთის გზით სიარულის მაუწყებელია. ამიერიდან დომენიკომ იცის, რა გზით უნდა განაგრძოს ცხოვრება. ის არის ერთგვარი პარადიგმა წუთისოფელს ადევნებული მგზავრისა.
მშვენიერისა და ამაღლებულის თანაშერწყმაა ანა-მარიას სახე რომანში. ავტორის მიერ საგანგებოდ ესთეტიზებული ეს პერსონაჟი ნაწარმოებში სრულიად განცალკევებით დგას. თუ ზე მორეირას ცოლი, მარიამი ოჯახური სითბოსა და სიყვარულის მიწიერი განსახიერებაა, ანა-მარია განსაცვიფრებელი მუსიკალური ნიჭით ღვთისგან ხელდასხმული არსებაა, რომელსაც უყვარს დომენიკო, მაგრამ სულიან-ხორციანად ხელოვნებას ეკუთვნის. იგი მუსიკის უსაზღვრო ჰანგებში ჩაღვრილი არსია, რომელიც ვერასდროს გახდება დომენიკოს ხორციელი თანამეცხედრე, რადგან კონსტანტინე არსაკიძისა არ იყოს, ხელოვნებისათვის შეუწირავს სული.
ანა-მარია მთელი არსებით შერწყმულია თავის ვიოლინოს. იგი გამორჩეულია ირგვლივ მყოფთაგან და ,როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამგვარ შემთხვევებში, საზოგადოებისათვის თითქმის სრულიად უცხოა. ანა–მარიას განსაკუთრებულობას აღიქვამს ირგვლივ მყოფი საზოგადოება, თუმცა ვერ აცნობიერებს მის სულიერ აღმატებულობას. ავტორი საგანგებოდ ქმნის ამ ორიგინალურ სახეს, რომლის შინაგანი სამყაროც თვით მეუღლისთვისაც ბოლომდე მიუწვდომელი და შეუცნობი რჩება. ამით ავტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დომენიკოც თავისი საზოგადოების ნაწილია და არც მას შესწევს სულიერი ძალა ეზიაროს უფრო ნათელსა და ამაღლებულ სამყაროს. მხოლოდ ავტორისთვის არის გასაგები ანა-მარიას სულიერი წილნაყარობა ზეშთა ნათელთან. საგულისხმოა, რომ ის სულით ავადმყოფი უგოს ხელით აღესრულება. მართებულად შენიშნულია, რომ სწორედ ანა-მარიას ამქვეყნიური აღსრულების შემდეგ მიდის დომენიკო კამორაში ანუ მიწიერ ჯოჯოხეთში, რათა სულიერად თვალახელილი, ინიციაციაგავლილი დაუბრუნდეს თავის მაღალ სოფელს, პირველ საცხოვრისს.
რომანის ნარატივი აღსავსეა მოქმედებათა განვითარების დინამიზმით, მოულოდნელობითა და შედეგთა სიმძაფრით. ესთეტიკურად სრულქმნილი და ამაღლებულია კონსელეირო მენდეს მასიელის მხატვრული სახე. იგი თითქოს ანტიკური ხანის ქანდაკებას ჰგავს, ნებისმიერი რაკურსიდან სრულყოფილს. თუმცა ავტორი არსად აფიქსირებს თავის პოზიციას აღნიშნული პერსონაჟის მიმართ, მაინც ადვილად საცნაურდება მკითხველისთვის ავტორის დამოკიდებულება. მენდეს მასიელი არის იდეალური მმართველი თავისი ხალხისა, რომელსაც გულწრფელად უყვარს იგი. კონსელეიროს სახით მწერალი გვიხატავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, ხალხის ჭირ-ვარამის მოზიარე, სხვისი სიხარულით გახარების უნარით აღბეჭდილ, სამართლიან პიროვნებას, რომლის მსგავსი გამოადგებოდა იდეალურ წინამძღოლად ნებისმიერ ერს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მენდეს მასიელის სახე კანუდოსის დაცემის წინა ეპიზოდში, სადაც კონსელეირო უკანასკნელი რჩევა-დარიგებისა და მითითების შემდეგ, გულშეძრული კანუდოსელთა მომავალი უბედურებით, უსულოდ განერთხმება კანუდოსის მიწას.
აკაკი ბაქრაძე წერს, რომ სამოსელის გაყიდვით კაცმა მახვილი უნდა იყიდოს. გვინდა შევნიშნოთ, რომ სწორედ განყიდული სამოსლის ფასად შეიძინეს კანუდოსელებმა იარაღი მტრისაგან თავდაცვის მიზნით, რათა დაეცვათ თავიანთი თავისუფლება და სიყვარული.
უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას განაცდევინებს მკითხველს პირველი თოვლის მოსვლის ეპიზოდი ლამაზ-ქალაქში. ბედნიერია ყველა, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, არისტოკრატი თუ მდაბიო, გიჟი თუ ჭკვიანი… და თოვლიც – თეთრი, ქათქათა, ფაფუკი, ბუნების საოცრება – ლამპიონების შუქზე აელვარებული მსუბუქი ფანტელები, ამაღლებულის განცდასა და მშვენიერების შეგრძნებას იწვევს მკითხველში.
მიგვაჩნია, რომ ღრმად ესთეტიკურია ფინალური პასაჟი რომანისა. ატორტმანებული ხანძრის ბრიალში იწვის ძვირფასად მბრწყინავი და ყალბად მოციალე სამოსელი პირველის თვლები. ერთი მოსაზრებით, ეს თვლები არის უნარები, რომლებიც დომენიკოს აქვს ბოძებული და მან უნდა გამოამჟღავნოს ისინი საჭიროების დროს.
ვფიქრობთ, რომ სამოსელი პირველის ძვირფასი თვლები არის მატერიალური სიმდიდრე მამისა, რომელსაც გადასცემს შვილს მოსახმარებლად, თავისი შეხედულებების მიხედვით. სახარებისეული ანალოგიით, ეს არის ტალანტი, რომელიც, შესაძლოა, განამრავლოს ან მოუხმარებლადაც დააბრუნოს უძღებმა შვილმა, ან სულაც განვაჭროს ბოლომდე. ამ შემთხვევაში დომენიკო ხარჯავს მამის მიერ ბოძებულ სიმდიდრეს იმისათვის, რომ შეიცნოს ცხოვრების არსი და უამრავ ჭირ–ვარამს ნაზიარები, სრულიად ხელცარიელი, მაგრამ სულიერად განწმენდილი, ამაღლებული დაუბრუნდეს მამის კერას.
ნაწარმოების ენობრივი ქსოვილი ზუსტად ესადაგება ავტორის მიზანდასახულებას, ძირითადი სათქმელის მკითხველამდე მიტანას.
გ. დოჩანაშვილის სამწერლო ენის მხატვრული თავისებურება არის თხრობის სიდინჯე, არისტოკრატული სისადავე და ყოველგვარი გადაჭარბებული მხატვრულ-გამომსახველობითი ძიებების გარეშე ძალდაუტანებლად, ბუნებრივად მოტანილი სათქმელის სიდიადე. ამ ნიშნით შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ის ეპიზოდი, სადაც მენდეს მასიელს ტყვეობიდან თავდახსნილი ზე მორეირა ცარიელ ფურცელს წარუდგენს. მკითხველი იძაბება იმის მოლოდინში, თუ როგორ გამოხატავს ავტორი კონსელეიროს პირით მწყემსის მიერ ჩადენილი საქციელით აღფრთოვანებას. ის კი აღელვებული ტონით, ერთი ფრაზით გადმოგვცემს მანუელო კოსტას უმაღლეს ზნეობრივ სიქველეს: „გადაურჩენიხარ, ზე“.
რომანის მთავარი სათქმელი ავტორის მიერ სახისმეტყველურად გააზრებულ სათაურს უკავშირდება. წარმოდგენილი დისკურსის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოსელი პირველი არის სიტყვა საქმესთან შეუღლებული (მსგავსად მაცხოვრის შეგონებისა – არა არს სიტყვა თვინიერ საქმისა და საქმე თვინიერ სიტყვისა). მან უნდა ააშენებინოს გმირს – პროტაგონისტს – მრავალი ქვეყანა, ეს სამოსელი უნდა გადააფაროს და გადააწვდინოს ბევრზე ბევრ ადამიანს, რათა თავად შეიქნას უფრო მდიდარი, მაგრამ ტანჯული, უფრო გახარებული, მაგრამ განაწამები, უბედნიერესი უბედური… და თუმც სიძულვილიც უნდა შეეძლოს, მაინც ყოველთვის ახსოვდეს ის ლოგოსური ჭეშმარიტება, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“.
ლალი ურდულაშვილი