„რარიტეტები: ვინ ვინ არის?“ – ჯგუფური გამოფენა
26, 27 და 28 მარტს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ჯგუფურ გამოფენას – „რარიტეტები: ვინ ვინ არის?“ მასპინძლობს.
გამოფენა აერთიანებს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საფონდო და მუდმივი საგამოფენო დარბაზებიდან შერჩეულ ნამუშევრებს.
კონსტანტინე ბოლქვაძე, კურატორი :
„გამოფენის სათაურში დასმული კითხვა გულისხმობს გამოცნობის ერთგვარ პრინციპს. შერჩეულ მხატვართა ნამუშევრებით წარმოდგენილია ვიზუალურად ეკლექტური ქსოვილი, სადაც თავს იყრის ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული სტილები, იდეოლოგიები, მხატვრული ხერხები თუ ხედვები. ამ საკმაოდ შეუქცევად დინამიკაში იკვეთება კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რაც გულისხმობს მხატვართა ამოცნობას არსებულ ექსპოზიციაში. ცნობილ მხატვართა შერჩეული ნამუშევრები პრინციპულად ემიჯნება მათ ჩვეულ ხელწერას, რომლითაც ჩვენ, თვალის ერთი შევლებით, ვცნობთ ხოლმე მათ“.
„ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ანა შალიკაშვილი, თემო ჯაფარიძე, ესმა ონიანი, ირაკლი ფარჯიანი, ლევან ცუცქირიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, დიმა ერისთავი, გივი ვაშაკიძე, კოკი მახარაძე, გოგი ჩაგელიშვილი – ეს სახელები და გვარები გამოფენის პერიოდულად განვრცობად თხრობას გულისხმობს. ექსპოზიციაში რამდენიმე დეკადა იყრის თავს – საკუთრივ 1950-იანებიდან 1980-იან წლებამდე. განსხვავებული თაობის მხატვრები ქართულ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სახვით ხელოვნებაში გამოკვეთილი ხელწერით შეიჭრნენ, ისინი საზოგადოებამ დაიმახსოვრა ინდივიდუალური ფერით, ფორმით, გამომსახველობითა თუ მეტაფორული ენით.
არსებული გამოფენა ერთგვარი ვიზუალური კვლევაა და ხელოვნებასთან კომუნიკაციის გამორჩეული ფორმა. მოულოდნელობა და ახალი აღმოჩენები გამიზნული ხერხია. ამ გზით წარმოდგენილი იქნება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საფონდო და მუდმივი ექსპოზიციების რესურსი, სადაც თხრობა აიგება ქართული ხელოვნების საბჭოთა გამოცდილების ანალიტიკურ ჭრილზე. მიუხედავად დიდი წნეხისა, ამ პერიოდის ხელოვანები მაინც ცდილობდნენ მათი დროისთვის აქტუალური მიმართულებებისა და დისკურსების გადააზრებას. ახალი საგამოფენო თხრობა ქმნის საბჭოთა ქართული ხელოვნების განვითარების შესახებ ალტერნატიულ დიალოგს და, ამავდროულად, წარმოაჩენს მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციებს.
ვიზუალური კვლევის ფორმაში მთავარი არსი არის კითხვის დასმა – ვინ ვინ არის? რატომ უკუაგდებდნენ მხატვრები მათ ტიპურ ხელწერას? რა იყო ამის მიზეზი?
გამოფენის კონცეფცია გამორიცხავს ყოველგვარ მტკიცებით ტონს, ეს პრინციპი არის მხოლოდ კურატორის ხედვა. გამოფენაში კურატორიც და ვიზიტორიც ერთმანეთს ავსებენ“, – აღნიშNულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არტისტების სია: ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ანა შალიკაშვილი, თემო ჯაფარიძე, ესმა ონიანი, ირაკლი ფარჯიანი, ლევან ცუცქირიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, დიმა ერისთავი, გივი ვაშაკიძე, კოკი მახარაძე, გოგი ჩაგელიშვილი.