კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ენერგეტიკის მინისტრს პასუხობს
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ენერგეტიკის მინისტრის შენიშვნებს გაითვალისწინებს და მუშაობის გაუმჯობესებას შეეცდება, – ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“აჭარაში რაც მოხდა, ეს იყო გამომდინარე ფორსმაჟორული სიტუაციიდან, რომელიც შექმნა ცუდმა ამინდმა. მსგავსი შემთხვევები კომპანიას სხვა რეგიონებში არ ჰქონია. ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად და მზად ვართ, მყისიერად ვიმოქმედოთ ყველა იმ ადგილზე, სადაც დაზიანება იქნება. რაც შეეხება ოზურგეთს, მაღალი ძაბვის გამო, რამდენიმე ოჯახს ტექნიკა დაეწვა. როგორც წესია, კომისია შეიქმნა და კომპანია ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებს”, – აღნიშნა ნიკოლოვმა. რაც შეეხება ენერგიტიკის მინისტრის კრიტიკას, რომელიც შეეხებოდა ელექტროგადამცემ ქსელებს, ნიკოლოვის თქმით, კომპანია ამ პრობლემის გადასაჭრელად გეგმურად მუშაობს. “ყველამ კარგად იცის, რომ ქსელი რომელიც ჩვენ შევიძინეთ, იყო ძალიან სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ კომპანიის შემოსვლის დღიდან განვახორციელეთ სამუშაობი, რომლის შედეგადაც ქსელები გაუმჯობესდა. 6, 10, 04-კვ – იანი და მაღალი ძაბვის ქსელები არის ძალიან დიდი და შეუძლებელია რამდენიმე თვეში დასრულდეს რეაბილიტაცია. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს 04 კვ-იანი ძაბვის ქსელზე. მაღალი ძაბვის ქსელების რეაბილიტაციისთვის კი 7-8 წელია საჭირო. ამ მიმართულებით ვგეგმავთ, რომ 500-600 მილიონიანი ინვესტიცია განვახორციელოთ”, – აღნიშნა ნიკოლოვმა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და ქვეყნის მოსახლეობა კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ “ენერგო-პრო ჯორჯიის” წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრის დასაწყისში განაცხადა. მისივე თქმით, ამინდის ერთი გაფუჭება, ქარის ამოვარდნა მაშინვე იწვევს ელექტროენერგიის გათიშვას. როგორც კალაძემ განაცხადა, კომპანია ვალდებულია, 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოს ქვეყნისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. “დღეს ჩვენი ინიციატივით იმართება ეს შეხვედრა. დიდთოვლობის გამო ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზული გათიშვები გვქონდა აჭარის რეგიონში და არ მოგვეცა საშუალება, შევხვედროდით და გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ქსელში არსებობს. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, წინა პერიოდშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვხვდებოდით რეგიონის ხელმძღვანელებს და ფიქსირდებოდა ყველა ეს პრობლემა გამგებლებისგან, სოფლის რწმუნებულებისგან, იმ რაიონებსა და სოფლებში, სადაც ელექტროგადაცემი ქსელის მდგომარეობა იყო კატასტროფულ მდგომარეობაში და თქვენგან ითხოვდნენ დახმარებას. ეს პრობლემა გუშინ და დღეს არ დაწყებულა. წლების განმავლობაში ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობდა. თუ წინა ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავდა და არ აკეთებდა შენიშვნებს, მე ასე არ მოვიქცევი, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება სიმართლით მოვდივარ. ძალიან სერიოზული პრობლემებია თქვენს ქსელში, ძალიან უკმაყოფილო ვართ ენერგეტიკის სამინისტრო და ქვეყნის მოსალხეობა და ამ ყველა პრობლემას სჭირდება გადაჭრა. ჩვენ არ დავხუჭავთ პრობლემებზე თვალს”, – განაცხადა კახა კალაძემ. მინისტრმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ოზურგეთში “ენერგო-პრო ჯორჯიას” მხოლოდ პიარის თანამშრომელი ჩავიდა იმ ხალხთან შესახვედრად, რომელსაც ელექტროენერგიის გამო ტექნიკა დაუზიანდა.