ევროკავშირის მინისტრებმა კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის მინისტრებმა კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში, ძირითადად, მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა ბლოკში შემავალი ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით დღეს გაიმართა.

“რადიო თავისუფლების” ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს მოკლედ უამბო საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

“აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას.
შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ძირითადად, დაეთანხმნენ. მაგრამ ის, თუ როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი, ცოტა მოგვიანებით, მისი და შარლ მიშელისა შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი”, – აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით მოლაპარაკებების პროცესში 12 მარტიდან ჩაება.

დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა როგორც ცალ-ცალკე, ისე  ერთად. პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. თბილისში გამართულ ბოლო, ერთობლივ შეხვედრაზე, რომელიც 18 მარტს, დღის სამი საათისთვის დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები